ერაყში ირანული დაჯგუფების ბაზაზე თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა
ადგილობრივი მედიის ცნობით, საჰაერო იერიშები აკაშატში PMU-ს მე-19 ბრიგადის სამ პუნქტზე განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერაყის დასავლეთით, ანბარის პროვინციაში, „სახალხო მობილიზაციის ძალების“ (PMU) შტაბ-ბინებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
PMU არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად შიიტური დაჯგუფებებისგან შედგება და რომელთაგან ზოგიერთს კავშირი აქვს მეზობელ ირანთან. თავდაპირველად ის ჩამოყალიბდა, როგორც მოხალისეობრივი ძალა ერაყის უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად ტერორისტულ ორგანიზაცია “დაეშ”-თან ბრძოლაში. 2016 წლიდან ეს ძალა ერაყის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა.
Shafaq News-ი უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხუთშაბათს საჰაერო თავდასხმების სამიზნე დასავლეთ ანბარში, ქალაქ აკაშატში მდებარე PMU-ს მე-19 ბრიგადის სულ მცირე სამი პუნქტი გახდა.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას თავდასხმების უკან.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ შია ალ-სუდანიმ დაგმო დაჯგუფებაზე განხორციელებული თავდასხმები.
ეს იერიში მოჰყვა ბოლო დღეებში „სახალხო მობილიზაციის ძალებზე“ განხორციელებულ რამდენიმე სხვა თავდასხმას. უსაფრთხოების ორი წყაროს თანახმად, ორშაბათს საჰაერო დარტყმა განხორციელდა PMU-ს პოზიციებზე მოსულის აღმოსავლეთით. მანამდე, 4 მარტს, ორმა დრონმა სამიზნეში ამოიღო PMU-ს ორი შტაბ-ბინა ჩრდილოეთ მოსულში, ხოლო 6 მარტს დამატებითმა საჰაერო იერიშებმა დაარტყა PMU-ს პუნქტებს მოსულსა და ბაღდადის ჩრდილოეთით.
ამასთანავე, სამშაბათს დილით, PMU-სთან დაკავშირებულმა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ქათაიბ იმამ ალიმ“ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად მათი ოთხი წევრი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაჯგუფებამ აღნიშნა, რომ თავდასხმა ქირქუქის პროვინციის დიბისის რაიონში მათ პოზიციებზე განხორციელდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა.
თავდასხმები განხორციელდა იმ დროს, როდესაც აშშ და ისრაელი აგრძელებენ საჰაერო იერიშებს ირანის მიმართულებით, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო და რასაც 1200-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი და 10 000-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა.
თეირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე ჩაერთო პროცესებში და ერაყის მასშტაბით იმ ბაზებსა და დიპლომატიურ ობიექტებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები დაიწყო.