მემარჯვენე კანდიდატმა ლორა ფერნანდესმა კოსტა-რიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ამომრჩეველს კოკაინით ვაჭრობასთან დაკავშირებული მზარდი ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების პირობა მისცა.
საარჩევნო უბნების 88,43%-ის დათვლის შემდეგ, ლორა ფერნანდეს დელგადო ხმების 48,51%-ით (ანუ 1 მილიონზე მეტი ხმით) საპრეზიდენტო რბოლის ლიდერია. მოსალოდნელია, რომ მემარჯვენე კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რადგან მან კანონით დადგენილი 40%-იანი ბარიერი გადალახა.
მეორე ადგილზე მყოფი მემარცხენე კანდიდატი ალვარო რამოსი ხმების 33,32%-ზე შეჩერდა, ხოლო ლიბერალურმა პარტიამ 750 585 ხმა მიიღო.
პრეზიდენტობისთვის სულ ოცი კანდიდატი იბრძოდა, თუმცა წინასწარი და ნაწილობრივი შედეგების მიხედვით, ფერნანდესისა და რამოსის გარდა 5%-იან ნიშნულს ვერცერთმა მიაღწია.
მეზობლებმა და მოკავშირეებმა, მაგალითად ელ სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ, ფერნანდესს გამარჯვება მიულოცეს — მიუხედავად იმისა, რომ მისი გამარჯვება ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლიდერმა კანდიდატმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სტრატეგიას ბუკელეს მოდელის მიხედვით ჩამოაყალიბებდა.
ბუკელემ X-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „ახლახან ტელეფონით მივულოცე კოსტა-რიკის არჩეულ პრეზიდენტს, ლორა ფერნანდესს. ვუსურვებ დიდ წარმატებებს მმართველობის პერიოდში და ყოველივე საუკეთესოს კოსტა-რიკის საყვარელ მოძმე ხალხს.“
კოსტა-რიკელებმა ასევე ხმა მისცეს 57-ადგილიანი ეროვნული ასამბლეის წევრებს. მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრეზიდენტის, ჩავესის პარტია პოზიციებს გაიმყარებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება შეძლონ.
ბუკელეს მოდელის გამეორება
ფერნანდესმა განაცხადა, რომ გააგრძელებს პრეზიდენტ როდრიგო ჩავესის პოლიტიკას, რომლის უფლებამოსილების ვადაც იწურება. ფერნანდესი, რომელიც ჩავესის მთავრობაში ჯერ ეროვნული დაგეგმარების მინისტრის, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრის პოსტს იკავებდა, არჩევნებში ჩავესის მხარდაჭერით ჩაერთო და საკუთარი თავი მის პოლიტიკურ მემკვიდრედ წარადგინა.
კოსტა-რიკაში, რომელიც ისტორიულად მშვიდობიან ქვეყნად ითვლება, ბოლო წლებში გაზრდილი კრიმინალი ბევრი ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ზოგიერთი კრიტიკოსი ჩავესს დანაშაულის დონის ვერშემცირებაში ადანაშაულებს, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ მისი მკაცრი პოზიცია საუკეთესო შანსია ქვეყანაში ძალადობის მოსათოკად.
ფერნანდესი ჰპირდება ამომრჩეველს, რომ დაასრულებს მაღალი უსაფრთხოების მქონე „მეგა-ციხის“ მშენებლობას, რომელიც ელ სალვადორის „ტერორიზმის იზოლაციის ცენტრის“ (CECOT) მოდელით აშენდება, და კრიმინალის მაღალი დონის მქონე რეგიონებში საგანგებო ზომებს გაატარებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები აფრთხილებენ, რომ ბუკელეს მოდელის კოპირებამ — მიუხედავად იმისა, რომ მან კრიმინალის მკვეთრი შემცირება გამოიწვია — შესაძლოა სამოქალაქო თავისუფლებები შელახოს ბრალდების წარდგენის გარეშე დაკავების პრაქტიკის გაფართოების გზით.










