ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოკოტოს შტატში, ფერმერებისა და მუშების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად ბოლო მონაცემებით 52 ადამიანი დაიღუპა.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს (NEMA) სოკოტოს ოპერაციების ხელმძღვანელმა, თუქურ აბუბაქარმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის 11 წევრიცაა.
უბედური შემთხვევა ხუთშაბათს, სოკოტოს შტატის გორონიოს რაიონის ქალაქ გორაუში მოხდა.
ნავი, რომელშიც დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფებოდა, მაშინ ამოყირავდა, როდესაც ფერმერები და მუშები ბრინჯის პლანტაციებში გადასასვლელად წყლის გზას გადიოდნენ.
სოკოტოს შტატის ასამბლეის წევრმა, ნასირუ ადამუმ, შემთხვევის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მაშველებმა 16 პირის გადარჩენა შეძლეს, ხოლო მგზავრების უმეტესობას 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენდნენ.
ნიგერიაში ნავების კატასტროფები ხშირია, განსაკუთრებით წვიმიან სეზონზე, რაც გამოწვეულია ნავების გადატვირთვით, მათი გაუმართაობითა და უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვით.





















