თურქეთის მასპინძლობით 9-20 ნოემბერს ანტალიაში დაგეგმილი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) წინ, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში კლიმატის კრიზისის შედეგების ამსახველი 20 დოკუმენტური ფილმი სტამბოლში კინომოყვარულთა წინაშე წარდგება.
სააგენტო „ანადოლუს“ (AA) მიერ გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, COP31-ის ფარგლებში, COP ART-ის ეგიდით ორგანიზებული „COP31-ის დოკუმენტური ფილმების დღეები“ 27-28 ოქტომბერსა და 31 ოქტომბერი - 1 ნოემბრის პერიოდში სტამბოლში, კინოთეატრ Atlas 1948-ში გაიმართება.
პროგრამაში, რომელიც ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე ნაჩვენები და პრიზიორი ნამუშევრებისგან შედგება, როგორიცაა „სანდენსი“, კანის, ბერლინისა და ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი (IDFA), სულ 20 დოკუმენტური ფილმია წარმოდგენილი: 9 სრულმეტრაჟიანი და 11 მოკლემეტრაჟიანი.
ღონისძიებაზე, სადაც ყველა ჩვენება უფასო იქნება, მაყურებელი გაეცნობა ისტორიებს, რომლებიც ამაზონის ტყეებიდან ციმბირის გაყინულ მიწებამდე, პალესტინის ზეთისხილის ბაღებიდან მონღოლეთის საძოვრებამდე და კენიის გვალვიანი რეგიონებიდან თურქეთში მდებარე სალდას ტბამდე ვრცელდება.
დოკუმენტურ ფილმებში, ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაზე კლიმატის ცვლილების გავლენასთან ერთად, განხილული იქნება ბიომრავალფეროვნების დაცვა, სასურსათო და წყლის უსაფრთხოება, მკვიდრი მოსახლეობის უფლებები, ეკოლოგიური აღდგენა და კლიმატის პოლიტიკა.
ნაჩვენები იქნება AA Productions-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიც სალდას შესახებ
პროგრამის ფარგლებში მაყურებელი ასევე იხილავს სააგენტო „ანადოლუს“ (AA) მიერ მომზადებულ და ათაქან ქერქუქლუს რეჟისორობით გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს: „სალდა: წითელ პლანეტაზე გამავალი ხიდი“.
თურქეთისა და აშშ-ის მეცნიერების მონაწილეობით შექმნილ ნამუშევარში მოთხრობილია ბურდურში მდებარე სალდას ტბის გეოლოგიურ მახასიათებლებსა და მარსის კვლევებს შორის არსებულ კავშირზე.
დოკუმენტური ფილმი წარმოაჩენს სალდას ტბის მნიშვნელობას სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით და ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივი ზონების დაცვის აუცილებლობაზე.





















