თალიბანი ავღანეთის მასშტაბით კომუნიკაციების ბლოკადას ახორციელებს
ქვეყანა პირველად აწყდება მსგავს სიტუაციას მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 წლის აგვისტოში მოვიდა ხელისუფლებაში.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ავღანეთში ინტერნეტი გაითიშა. მიზეზი შესაძლოა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურების შეწყვეტა იყოს, რაც თალიბანის "ამორალურობის პრევენციის" კამპანიის ნაწილია.
მთავრობის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა შეფერხებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურება შეწყდებოდა და ეს მობილური ტელეფონების მომსახურებაზეც იმოქმედებდა. "რვიდან ცხრა ათასამდე სატელეკომუნიკაციო ანძა დაიხურება", - თქვა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ შეწყვეტა "შემდეგ შეტყობინებამდე" გაგრძელდება.
ინტერნეტზე წვდომის დამცველი Netblocks-ის განცხადებით, ცოცხალი მონაცემები აჩვენებს, რომ ავღანეთში კავშირი ნორმალური დონის 14 პროცენტამდე დაეცა და ქვეყნის მასშტაბით თითქმის სრული სატელეკომუნიკაციო წყვეტა მოქმედებს.
"ამ მოვლენამ შეიძლება სერიოზულად შეზღუდოს საზოგადოების უნარი, დაუკავშირდეს გარე სამყაროს", - დასძინა ჯგუფმა.
ქვეყანა პირველად აწყდება მსგავს სიტუაციას მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 წლის აგვისტოში მოვიდა ხელისუფლებაში.
"ეს ზომა ამორალურობის პრევენციის მიზნით იქნა მიღებული"
მას შემდეგ, რაც თალიბანის ლიდერმა ჰიბათულა ახუნზადემ ამ თვის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავს ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას ამორალურობის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე პროვინციამ დაკარგა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი.
ბალხის პროვინციის სპიკერმა, ათაულა ზაიდმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ თალიბანის ლიდერის მითითებით, ჩრდილოეთ პროვინციაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი მთლიანად აიკრძალა. ზაიდმა სოციალურ მედიაში დაწერა: "ეს ზომა მიღებულია ამორალურობის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიული ვარიანტები განხორციელდება კავშირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად".
კერძო TOLO News TV-მ განაცხადა, რომ წყაროებმა დაადასტურეს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი შესაძლოა ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშოს.
გლობალური ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგის პლატფორმა Cloudfare Radar-მა განაცხადა, რომ ყველაზე მკვეთრი ვარდნა ინტერნეტთან კავშირში დედაქალაქ ქაბულში დაფიქსირდა, ამ ქალაქის შემდეგ ყველაზე შესამჩნევი ვარდნა დასავლეთში ჰერატსა და სამხრეთში ყანდაარში მოხდა.