ერდოღანმა სირიაში ერთიანობისა და მუდმივი მშვიდობისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსები, ქალაქების ქვეშ გვირაბების თხრის ნაცვლად, ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს.

By
ერდოღანმა სირიაში ერთიანობისა და მუდმივი მშვიდობისკენ მოუწოდა / AA

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სტაბილურობისა და შერიგებისკენ მოუწოდა და ყველა მხარეს მოუხმო, პრიორიტეტი ერთიანობას მიანიჭონ და თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მუდმივი მშვიდობის იმედებს დააზიანებს.

ანკარაში, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი უდიდესი სურვილი სირიისთვის სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაა; გვსურს, სირიელებმა თავიანთი მომავალი ერთიანობითა და ერთად ააშენონ“.

მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა მხარეს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტის ჩარჩო უკვე გამოკვეთილია და მხარეები გააფრთხილა, არ გაიმეორონ წარსული შეცდომები.

„მუდმივი მშვიდობის საგზაო რუკა განსაზღვრულია; მხარეებმა თავი უნდა აარიდონ მცდარ გათვლებს, ძველი შეცდომების გამეორებას და პროცესის მაქსიმალისტური მოთხოვნებით მოწამვლას“, - განაცხადა მან.

ომის ჰუმანიტარულ ასპექტზე საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა: „არ აქვს მნიშვნელობა არაბი იქნება, თურქმენი, ქურთი თუ ნუსაირი (ალავიტი), დაღვრილი თითოეული წვეთი სისხლი ჩვენს გულებს წვავს; სირიაში დაკარგული ყოველი სიცოცხლე ჩვენი ნაწილის დაკარგვას ჰგავს“.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია აღდგენისა და ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესზე გადასვლა.

„ახლა არის დრო, სირიის მიწისზედა და მიწისქვეშა რესურსები არა ქალაქების ქვეშ გვირაბების სათხრელად, არამედ საზოგადოების ყველა ფენის კეთილდღეობისთვის იქნას გამოყენებული“, - თქვა მან.

რეგიონულ შეშფოთებებზე საუბრისას, ერდოღანმა უარყო მტკიცებები იმის შესახებ, რომ თურქეთი დომინირებას ცდილობს: „თურქეთი რეგიონში გავლენის მოპოვებას არ ცდილობს და არ აქვს სხვა ქვეყნების ფორმირების სურვილი; პირიქით, ჩვენ გულწრფელი ძმობისკენ ვისწრაფვით“.