ჰამასი: ღაზის მომავალზე ნებისმიერ მოლაპარაკებამდე ისრაელის აგრესია უნდა დასრულდეს
პალესტინურმა წინააღმდეგობის ჯგუფმა ბლოკადის მოხსნა და ეროვნული უფლებების აღიარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით შექმნილმა „მშვიდობის საბჭომ“ მრავალმილიარდიანი დახმარებისა და სტაბილიზაციის მცდელობები განიხილა
პალესტინურმა წინააღმდეგობის ჯგუფმა „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის მომავალთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ისრაელის აგრესიის სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს. ეს განცხადება დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
„ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ან შეთანხმება ღაზისა და ჩვენი პალესტინელი ხალხის მომავლის შესახებ უნდა დაიწყოს ისრაელის აგრესიის სრული შეწყვეტით, ბლოკადის მოხსნით და ჩვენი ხალხის ლეგიტიმური ეროვნული უფლებების - თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლების - გარანტირებით“, - ნათქვამია ჰამასის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
„მშვიდობის საბჭომ“ პირველი სხდომა ვაშინგტონში ხუთშაბათს გამართა, მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული მყიფე ზავის დადებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა. ბევრმა ქვეყანამ პალესტინის ტერიტორიების აღსადგენად ფინანსური და პერსონალური დახმარების პირობა დადო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე ჰამასი უნდა განიარაღდეს.
„ჩვენს მოკავშირე აშშ-სთან შევთანხმდით, რომ ღაზის განიარაღების გარეშე რეგიონში რეკონსტრუქცია არ მოხდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ ვაშინგტონის შეხვედრას პირადად არ დასწრებია; ის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა წარმოადგინა.
ტრამპის თქმით, რამდენიმე ქვეყანამ, ძირითადად ყურის ქვეყნებმა, რეგიონის აღსადგენად შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების პირობა დადეს.
საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ამერიკელმა სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯასპერ ჯეფერსმა განაცხადა, რომ ინდონეზია (ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია) ამ ახლად შექმნილ საერთაშორისო ძალებში სარდლის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
ტრამპმა, რომლის ღაზის გეგმაც ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა, ასევე აღნიშნა, რომ ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა, სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის პირობა დადო.