სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიამ ღამის საათებში გააგრძელა დრონებით იერიშების მიტანა უკრაინის ლოჯისტიკურ ცენტრებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ გემებზე.
განცხადების თანახმად, თავდასხმების შედეგად ხარკოვში მიზანში ამოიღეს „Epicentr“-ის ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ინახებოდა, და სადისტრიბუციო ცენტრი, სადაც სამხედრო ტვირთის დასაწყობება და განაწილება ხდებოდა. ასევე აღინიშნა, რომ იმავე ქალაქში დარტყმა მიაყენეს „ვასიშჩევოს“ ლოჯისტიკურ ტერმინალსაც, რომელიც სამხედრო მასალების შესანახად გამოიყენებოდა.
განცხადებაში ნათქვამია: „დარტყმა მიადგა ზღვაში მოძრაობის პროცესში მყოფ მშრალტვირთმზიდ გემსაც, რომელსაც ჩორნომორსკის პორტში უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდა“.
სამინისტროს მეორე განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვსა და მის შემოგარენში, ასევე პერმის ოლქში, უკრაინული 532 დრონი გაანადგურა.

















