„კარგი პასუხები არ მაქვს. არანაირი პასუხი არ მაქვს. რაც გავაკეთე, მიუტევებელია. გამოსყიდვა შეუძლებელია“, - ამბობს 34 წლის იუვალი, ყოფილი ისრაელელი ჯარისკაცი და კომპიუტერული პროგრამისტი, ისრაელის გაზეთ Haaretz-ში 17 აპრილს გამოქვეყნებულ აღსარებით ინტერვიუში.
სტატია სათაურით - „ვგრძნობდი, რომ ურჩხული ვიყავი: ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცები, ‘მორალური ჭრილობა’ - და დუმილი“ - ამსხვრევს ისრაელის მიერ გულმოდგინედ შექმნილ მითს იმის შესახებ, რომ მას მსოფლიოში „ყველაზე მორალური არმია“ ჰყავს.
პუბლიკაცია აჩვენებს, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ღაზის „სიკვდილის ზონებში“ მომსახურე ისრაელელმა ქვედანაყოფებმა ჩაიდინეს თვითნებური მკვლელობები, წამება, მაროდიორობა და დანაშაულის დაფარვის ფაქტები. სამოქალაქო ცხოვრებას დაბრუნებულ ზოგიერთ მათგანს ახლა დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება უწევს. თუმცა, Haaretz-ში მოყვანილი ანეკდოტური შემთხვევები ზოგიერთი ჯარისკაცის მიერ განცდილი ე.წ. „მორალური ჭრილობის“ შესახებ, არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რაც ღაზაში უამრავ პალესტინელ მსხვერპლს გადახდა.
2023 წლის დეკემბერში, ხან-იუნისში, სალაჰ ალ-დინის გზის მახლობლად, იუვალის ქვედანაყოფი იერიშზე გადავიდა მას შემდეგ, რაც დრონმა „საეჭვო პირები“ დააფიქსირა. ის „გაშმაგებით“ ისროდა; მოგვიანებით კი გააცნობიერა, რომ უიარაღო მოხუცისა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ცხედრები ტყვიებით იყო დაცხრილული, შინაგანი ორგანოები კი გარეთ გამოსული.
ქვედანაყოფის მეთაური მოვიდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ცხედრებს შეაფურთხა და იყვირა: „ეს დაემართება ყველას, ვინც ისრაელს დაუპირისპირდება...“ იუვალი შოკისგან გაშეშდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. „მე ხელმოცარული ვარ, ნამდვილი ლაჩარი“, - განუცხადა მან Haaretz-ს.
2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე, 80 000-ზე მეტმა ისრაელელმა ჯარისკაცმა გაიარა მკურნალობა ფსიქოლოგიური დარღვევების გამო. 2025 წლის ოქტომბრისთვის ისრაელის არმიამ ბოლო 18 თვის განმავლობაში თვითმკვლელობის 279 მცდელობა აღრიცხა, რომელთაგან 36 ფატალურად დასრულდა.
Haaretz-ის სტატია აჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული ისრაელელი ჯარისკაცებისთვისაც კი, თუნდაც არაპროპორციულად და უსამართლოდ, მოქმედებს ანდაზა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. ბოლოს და ბოლოს, ეს ისრაელელები აგრძელებენ ცხოვრებას, სუნთქვას, მედიკამენტების მიღებასა და თერაპიის სეანსებზე სიარულს, მაშინ როცა მათი უსახელო პალესტინელი მსხვერპლები ტონობით ნანგრევების ქვეშ, უსახელო საფლავებში წვანან და მათ ღირსეული დაკრძალვის უფლებაც კი წაერთვათ.
დემობილიზაციის შემდეგ თელ-ავივში დაბრუნებული იუვალი თავს „ურჩხულად“ გრძნობდა იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო მონაწილეობა. მან მაღალტექნოლოგიურ სექტორში სამსახური მიატოვა, სულ კაპიუშონით დადის, სახლში სარკეები ჩაამსხვრია და თვითმკვლელობაზე საუბრობს. „შესაძლოა, რაღაცნაირად სიკვდილი მინდა, რომ ყველაფერი დასრულდეს“. Haaretz-თან საუბრიდან ორ დღეში ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს.
თუმცა, მისი მსხვერპლები - უფრო სწორად, მათი ცხედრები - კვლავ სადღაც ღაზის ნანგრევების ქვეშ არიან. ისრაელმა 2023 წლის ოქტომბრიდან აქ ასობით ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოყარა, რაც მინიმუმ ექვსი „ხიროშიმას ზომის“ ატომური ბომბის ექვივალენტია. იუვალის უამრავი მსხვერპლის ახლობლებს არც თერაპიაზე მიუწვდებათ ხელი და არც ანტიდეპრესანტებზე. მათ დაკარგეს ყველაფერი და დროებით კარვებში აგრძელებენ ცხოვრებას.
Haaretz-ის სტატიაში მოყვანილ ყველა ინტერვიუში მეორდება დანაშაულის გრძნობა სამხედრო დანაშაულების გამო. მაია ჯავშანტექნიკის სარეზერვო ქვედანაყოფის ადამიანური რესურსების ოფიცერი იყო; ის სამხრეთ ღაზაში, საკომანდო პუნქტში იმყოფებოდა, როდესაც ხუთმა უიარაღო პალესტინელმა არმიის მიერ დადგენილი „თვითნებური ხაზი“ გადაკვეთა.
მეთაურმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. ტანკის ტყვიამფრქვევმა დაუცველ პალესტინელებს დაუმიზნა და წამებში ასობით ტყვია დაახალა. ოთხი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მოვიდა ბულდოზერი და ისინი მიწაში ჩაფლა, რათა „ძაღლებს არ ეჭამათ და დაავადება არ გავრცელებულიყო“. გადარჩენილ პირს, რომელიც ხელბორკილებითა და თვალებახვეული გალიაში გამოკეტეს, მოხარხარე ჯარისკაცებმა ზედ გადაშარდეს.
მაია კაც ჯარისკაცებთან ერთად იცინოდა. მოგვიანებით ისრაელელმა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ის პალესტინელი უდანაშაულო იყო - კაცი უბრალოდ სახლში მისვლას ცდილობდა. ამის გამო მაიამ თავი „თვალთმაქცად“ და „ბინძურად“ იგრძნო და აკვიატებულად შხაპის მიღება დაიწყო. „როგორ ვიდექი უბრალოდ და არაფერი გავაკეთე? რას ამბობს ეს მდგომარეობა ჩემზე?“
„რად ვიქეცით?“
კიდევ ერთი ჯარისკაცი, იეჰუდა, შეესწრო ფაქტს, როდესაც ოფიცერმა სიკვდილით დასაჯა ხელებაწეული, უიარაღო პალესტინელი. დრონის კადრებმა ეს მომენტი დააფიქსირა. საკომანდო პუნქტში ზოგიერთმა ოფიცერმა ამას „მკვლელობა“ უწოდა, თუმცა დანაშაულის დაფარვა გადაწყვიტეს. მათ მოახსენეს, რომ „ტერორისტი“ მოკლეს. ბრიფინგი არ ჩატარებულა და მკვლელმა ყოველგვარი სასჯელის გარეშე გააგრძელა სამსახური. იეჰუდამაც იმ მომენტში დუმილი არჩია.
თვეების შემდეგ, მადრიდში, როდესაც მეუღლესთან ერთად პრადოს მუზეუმს ათვალიერებდა, გოიას ნახატმა, რომელზეც იარაღის წინაშე მდგარი დაუცველი ადამიანია გამოსახული, მას ნერვული შეტევა დაემართა. უეცრად ოფლიანობა და უკონტროლო ტირილი დაეწყო. „როგორ გავხდი ისეთი ადამიანი, რომელიც გვერდზე იდგა და სწორად არ მოიქცა?“
ისრაელის „ნაჰალის“ ბრიგადის სნაიპერებმა აღიარეს, რომ ესროდნენ პალესტინელებს, რომლებიც დახმარებას ეძებდნენ და არმიის მიერ დადგენილ თვითნებურ ხაზებს კვეთდნენ. სნაიპერული სამიზნიდან ყურებისას ეს ყველაფერი მათთვის „კომპიუტერულ თამაშს“ ჰგავდა, სანამ საკვების საძებნელად გამოსული უდანაშაულო ადამიანების სახეები მათ გონებაში არ ჩაიბეჭდა. ერთ-ერთმა სნაიპერმა აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ღამით ლოგინში შარდავდა. „იმ ადამიანების სახეებს, ვისაც კლავ, ვერასოდეს დაივიწყებ“, - თქვა მან.
სხვები ყვებოდნენ, როგორ ძარცვავდნენ პალესტინელთა სახლებს - მიჰქონდათ ტექნიკა, ოქრო, ნაღდი ფული; ჯარისკაცები წვავდნენ ოჯახურ ფოტოებს, ზედ შარდავდნენ და ამას იმით ამართლებდნენ, რომ ეს „ნაცისტებისგან მოპარვა“ იყო. ერთმა ჯარისკაცმა აღიარა, რომ გული ერეოდა, თუმცა მაინც თანხმობის ნიშნად თავს მიაქნევდა.
ეიტანი, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში საგამოძიებო ოთახს იცავდა, უყურებდა, როგორ გახადა გამომძიებელმა დაკავებულს, სასქესო ორგანოებზე სადენები მიუერთა და ყოველ გაუცემელ კითხვაზე სადენებს უფრო მეტად უჭერდა, სანამ კაცმა ისე არ იკივლა, თითქოს „სული სხეულს შორდებოდა“. „კიდევ რა ხდება სარდაფებში? რა საიდუმლოებს ვმალავთ?“ - ამბობს ეიტანი.
კაცი, რომელიც Haaretz-მა გაის სახელით წარადგინა, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ასობით დღე მსახურობდა რეზერვში. მიუხედავად იმისა, რომ გვირაბებში „სპეციალური მეთოდებით“ „ტერორისტების“ განადგურება ზოგიერთ ჯარისკაცს აღაფრთოვანებდა, მან ამ პროცესში ჰოლოკოსტის გამოძახილი დაინახა. დამწვარი ხორცის სუნის გამო, რასაც მისი ორგანიზმი ვერ იტანდა, ის ვეგეტარიანელი გახდა. „რად ვიქეცით? მე რად ვიქეცი?“








