ისრაელმა ომის დაწყებიდან მოყოლებული 6 000-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა 3 400 სამიზნეზე
ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თავდასხმების სამიზნეს სამხედრო ობიექტები და სარაკეტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა მთელი ირანის მასშტაბით.
ისრაელის არმიის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ 28 თებერვალს აშშ-სთან ერთად თავდასხმების დაწყების შემდეგ, ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დაახლოებით 3 400 სამიზნის წინააღმდეგ 6 000-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა.
გამოცემა ვაშინგტონ პოსტ-თან საუბრისას ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები მიმართული იყო მრავალ ობიექტზე, მათ შორის სამხედრო ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც ირანის სარაკეტო შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული. ასევე დაიბომბა სხვა ტერიტორიებიც, რომლებიც უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნეოდა.
მაღალჩინოსნის თქმით, ეს „სამხედრო ოპერაციები“ უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ირანის სამხედრო პოტენციალის შესუსტება და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო სისტემების შემუშავებისა თუ განლაგების აღკვეთაა.
ირანმა კი განაცხადა, რომ თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებით უპასუხა; გარდა ამისა, მან იერიში მიიტანა რეგიონში არსებულ იმ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც, მისივე განმარტებით, აშშ-სა და ისრაელთანაა დაკავშირებული.