სომალისთვის, რომელიც ერთდროულად ორ კატასტროფას - მოახლოებულ შიმშილობასა და უცხოური დახმარების მკვეთრ შემცირებას ებრძვის, აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ მხოლოდ ბენზინზე ფასების მატებას არ ნიშნავს; ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
როიტერსის ინფორმაციით, გადაზიდვების შეფერხებამ გამოიწვია თერაპიული საკვების დეფიციტი, რის გამოც კლინიკები იძულებულნი არიან უარი უთხრან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს და კიდევ უფრო შეამცირონ ისედაც მწირი მარაგები.
5 წლამდე ასაკის დაახლოებით ნახევარი მილიონი ბავშვი იტანჯება „მწვავე არასათანადო კვების“ ყველაზე საშიში ფორმით, რასაც „გამოფიტვას“ უწოდებენ. დახმარების მიწოდების დაგვიანება კი კიდევ უფრო ამძიმებს დაფინანსების შეწყვეტით გამოწვეულ მძიმე შედეგებს.
სომალელი ბავშვები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი შემცირებულ საკვებ დახმარებაზე
ბაიდოასა და მოგადიშუს სამედიცინო მუშაკები აცხადებენ, რომ ბავშვების გადასარჩენად აუცილებელი სპეციალური რძისა და ნუტრიენტებით მდიდარი არაქისის კარაქის მარაგები კატასტროფულად მცირეა.
მედდა ჰასან იაჰიე ხეირე ამბობს: „საჭიროებები დიდია, მაგრამ რადგან ბევრი მარაგი არ გვაქვს, ბავშვებისთვის მიცემული საკვების რაოდენობის მუდმივი შემცირება გვიწევს“.
საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის (IRC) მონაცემებით, კლინიკაში, რომელიც 1200-ზე მეტ ბავშვს მკურნალობს, დარჩენილია არაქისის კარაქის 225 ყუთი, რომელიც, სავარაუდოდ, ორ კვირაში ამოიწურება.
„თუ მკურნალობა შეწყდება, ბავშვები ფიზიკურად და გონებრივად ძალიან დასუსტდებიან. ამ პროცესის შემოტრიალება კი შესაძლოა შეუძლებელი გახდეს“, - დასძინა ხეირემ.
IRC ერთ-ერთია იმ სამი დახმარების ორგანიზაციიდან, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-ის და ისრაელის ირანთან ომით გამოწვეულმა გადაზიდვების შეფერხებამ და გაზრდილმა ხარჯებმა ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
სომალის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბაიდოაში, IRC-ის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაცია READO-ს კლინიკაში, ცხრა შვილის დედა, მუუმინო ადან ამინი, ცდილობს თავისი 11 თვის ქალიშვილისთვის, რუვეიდოსთვის, არაქისის კარაქი მოიპოვოს.
რუვეიდოს დღეში სამი პაკეტი არაქისის კარაქი სჭირდება, თუმცა ამინი ორჯერ გამოაბრუნეს უკან, რადგან კლინიკაში მარაგი ამოიწურა.
ამინმა 2017 წელს, სომალის წინა გვალვის დროს, შიმშილისგან თითქმის დაკარგა უფროსი ქალიშვილი ანისა. „მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი“, - იხსენებს დედა და ამბობს, რომ მაშინ გოგონა მხოლოდ არაქისის კარაქის წყალობით გადარჩა.
ცხრა წლის შემდეგ, ქვეყანაში გვალვის ახალმა ტალღამ 6,5 მილიონი ადამიანი - ყოველი მესამე სომალელი - მწვავე შიმშილამდე მიიყვანა.
IRC-ის სომალის კოორდინატორის, შუქრი აბდულქადირის თქმით, არაქისის კარაქის პარტია, რომელიც 1000-ზე მეტ ბავშვს გამოკვებავდა, ორი თვის წინ ინდოეთის მუნდრას პორტში გაიჭედა. პორტი ამჟამად გადატვირთულია იმ ტვირთებით, რომლებიც სპარსეთის ყურეში ვერ შედიან და სხვა მიმართულებით გადაამისამართეს.
მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ ინდოეთში წარმოებული პროდუქციის ჩამოსვლას კიდევ მინიმუმ 30 დღე დასჭირდებოდა, IRC-მ შეკვეთა გააუქმა. ამის ნაცვლად, მათ სასწრაფო შეკვეთა ნაირობიში გააფორმეს, მანამდე კი მოგადიშუდან ბაიდოაში მარაგების გადაზიდვას ცდილობენ.
თუმცა, ორგანიზაცია CARE International-ის თანახმად, გადაზიდვისა და წარმოების ხარჯების ზრდის გამო, ერთი ყუთის ფასი 55-დან 200 დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, მათი ბოლო შეკვეთა 300 ბავშვის ნაცვლად მხოლოდ 83 ბავშვისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
სასიცოცხლო დახმარების მიწოდება უფრო დიდხანს ჭიანურდება და უფრო ძვირი ჯდება
2024 წელს ევროპიდან სომალიში თერაპიული რძისა და მზა საკვების (RUTF) მიწოდებას ჩვეულებრივ 30-35 დღე სჭირდებოდა. თუმცა, წითელ ზღვაში არსებული საფრთხეების გამო, გემებმა მარშრუტი შეცვალეს და აფრიკის გარშემო შემოვლა დაიწყეს, რის გამოც 2025 წელს ეს დრო 40-45 დღემდე გაიზარდა.
ორგანიზაცია „ბრძოლა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF) წარმომადგენელმა მუჰამედ ომარმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს და ირანმა სპარსეთის ყურის შესასვლელი ჩაკეტა, გემების რაოდენობის შემცირებამ მიწოდების ვადა 55-65 დღემდე გაზარდა.
ამასობაში, შიმშილის მონიტორინგის გლობალური სისტემის (IPC) ანგარიშით, სომალიში 2 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება „საგანგებო მდგომარეობის“ ფაზაში, რაც უშუალოდ შიმშილობის წინა საფეხურია.
იანვრიდან მარტამდე პერიოდში, ACF-ის მიერ მხარდაჭერილ კლინიკებში მიმართვიანობა მწვავე მალნუტრიციის მქონე ბავშვების მხრიდან შარშანდელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა.
სომალი ერთ-ერთი იმ 17 ღარიბ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ვერ მიიღეს წილი აშშ-ის მიერ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისისთვის (OCHA) წელს გამოყოფილი ფონდებიდან. აშშ-მა, სხვა დონორებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრად შეამცირა უცხოური დახმარება.
OCHA-ს მონაცემებით, დაფინანსების შეწყვეტის გამო 200-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება დაიხურა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დაუხმარებლად დარჩენილი ბავშვების რაოდენობა შესაძლოა 150 000-მდე გაიზარდოს.
გარდა ამისა, ირანის ომის დაწყებისთანავე, სომალიში საწვავის შიდა ფასები 150%-ით გაიზარდა.
„სომალიმ მართლაც მძიმე დარტყმა მიიღო ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო, რადგან ხალხს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაძლეული წინა გვალვის შედეგები. ადამიანებისთვის ამ ახალი შოკების გაძლება ძალიან რთულია“, - ამბობს აბდულქადირი IRC-დან.
OCHA-მ სრული შიმშილობის თავიდან ასაცილებლად გლობალური დონორებისგან 852 მილიონი დოლარი მოითხოვა. ეს თანხა გაცილებით ნაკლებია შარშანდელ მოთხოვნილებაზე (1,42 მილიარდი დოლარი), თუმცა ორგანიზაციამ ამ დროისთვის საჭირო თანხის მხოლოდ 14%-ის მიღება შეძლო.












