უკრაინამ რუსეთის ნავთობის საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით დიდი თავდასხმა განახორციელა

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის მრავალი ენერგეტიკული ობიექტი ამოიღეს სამიზნეში. საგანგებო სამსახურები რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ლაბინსკში გაჩენილი ხანძრის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობენ.

By
უკრაინამ რუსეთის ნავთობის საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით დიდი თავდასხმა განახორციელა / AP

რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორშაბათს, რუსეთის სამხრეთში, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.

რეგიონის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის შემდეგ კრასნოდარის მხარეში მდებარე ლაბინსკში საცავი აალდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სამსახურები ხანძრის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობენ, ხელისუფლებას ზიანის ზუსტ მასშტაბებზე არ უსაუბრია.

ეს რეგიონი, რუსეთის ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაფართოებული საჰაერო ოპერაციის ფარგლებში, უკრაინული დრონების სამიზნე არაერთხელ გახდა.

გასულ კვირას თავდასხმები განხორციელდა ტიხორეცკთან მდებარე ნავთობის ობიექტზე, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტ „კავკაზის“ სიახლოვეს მდებარე ობიექტებზე.

ამავდროულად, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ შაბათ-კვირას მოსკოვის წინააღმდეგ დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ „კამიკაძე“ დრონების მრავალ ტალღას უპასუხა და ორ დღეში 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გაუვნებელყოფილი.

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში სულ მცირე 145 დრონი ჩამოაგდეს, მათგან 53 — მოსკოვის ოლქში.

ავიაციის ეროვნული ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმების დროს ხელისუფლებამ ქალაქის დიდ აეროპორტებში ფრენები დროებით შეზღუდა.

მოსკოვისა და მისი მიმდებარე მოსკოვის ოლქის მოსახლეობა დაახლოებით 22 მილიონს შეადგენს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ან სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან თავდასხმებთან დაკავშირებით მაშინვე კომენტარი არ გაკეთებულა.

უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ომის დასასრულებლად ამერიკის ტერიტორიაზე რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

კვირას კიევში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ შეხვედრა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

„ეს ვითარება ომს ეხება. ისინი [ამერიკელები] მზად არიან შეხვედრისთვის ამერიკაში. ჩვენც ვთქვით, რომ მზად ვართ. რუსები არ არიან მზად ამერიკაში წასასვლელად. ამიტომ, ამერიკელების პასუხს ველოდებით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა ასევე დაამატა, რომ თუ ვაშინგტონი ან მოსკოვი ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებენ, კიევი სხვა ქვეყანაში მოლაპარაკებებისთვის ღიაა.