როგორ წარმოჩინდება თურქეთი საღი აზრის ხმად ირანის ომში

ანკარა იმ პოზიციაშია, რომ კვლავ იკისროს შუამავლის როლი იმ კრიზისულ გარემოში, რომელიც რეგიონული მშვიდობის შერყევისა და ეკონომიკური კრიზისის პროვოცირების რისკს შეიცავს.

By
როგორ წარმოჩინდება თურქეთი საღი აზრის ხმად ირანის ომში / AA

ახლო აღმოსავლეთის წინა კონფლიქტების მსგავსად, ირანში მიმდინარე ომმაც კვლავ დღის წესრიგში დააყენა თურქეთის უნიკალური პოზიცია სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ სფეროებში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ანკარას, ამ სფეროებში არსებული შესაძლებლობების წყალობით, კრიზისის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში სულ მცირე 19 სამხედრო ბაზა აქვს და მათი უმეტესობა ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებში მდებარეობს, როგორიცაა ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

მიუხედავად რეგიონში ამერიკის ძლიერი სამხედრო ყოფნისა და თავდაცვის მოწინავე სისტემებისა, ყველა ეს ქვეყანა, იორდანიასა და ერაყთან ერთად, ირანის მხრიდან იმ სარაკეტო თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა სამიზნეც აშშ-ის ბაზები იყო.

მაშინ როდესაც ირანული ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები სპარსეთის ყურის ქალაქებს უმიზნებდნენ, თურქეთი, როგორც ნატოს წევრი და ძლიერი არმიის მქონე არაარაბული ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, მსგავსი თავდასხმების ტალღას არ შეჯახებია. თურქეთის მიმართულებით გაშვებული ერთადერთი რაკეტა კი, თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლამდე, ხმელთაშუა ზღვაში ნატოს თავდაცვის სისტემამ გააუვნებელყო.

ამავდროულად, თურქეთმა განიმტკიცა პოზიცია, როგორც ნეიტრალურმა ძალამ, რომელიც კრიზისის ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი დაიღუპა. ამავდროულად, ერდოღანმა ირანის თავდასხმები ყურის ქვეყნებზე მიუღებლად შეაფასა და გააფრთხილა, რომ რეგიონი შესაძლოა „ცეცხლის ალში“ გაეხვიოს.

თურქეთმა დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებისკენ მოუწოდა, ხოლო აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმა ირანზე საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევად“ შეაფასა.

ანკარამ, რომელიც უკრაინის ომის დროსაც ნეიტრალურ პოლიტიკას ატარებდა და დიპლომატიურ ინიციატივებს იჩენდა, აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების დასასრულებლად შუამავლობა შესთავაზა.

საღი აზრის ხმა

ანკარაში ბაზირებული „ირანის კვლევების ცენტრის“ მკვლევარმა ორალ თოღამ განაცხადა, რომ თურქეთმა ყველაფერი გააკეთა ომის დასასრულებლად და ამ ძალისხმევას კვლავ გააგრძელებს.

„ამ ეტაპზე პირველი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა. როგორიც არ უნდა იყოს პირობები, თურქეთი ყოველთვის სტაბილურობის მხარდამჭერ სტრატეგიას გაატარებს“, - განუცხადა თოღამ TRT World-ს.

თოღამ აღნიშნა, რომ ანკარას აქვს შუამავლობის გამოცდილება მრავალ კრიზისულ გარემოში, აღმოსავლეთ აფრიკიდან უკრაინის ომამდე, თუმცა ახლანდელი ომის მასშტაბები, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთშია გავრცელებული და მასში სამი სხვადასხვა ძალაა ჩართული, მხარეების მხრიდან მოლაპარაკებების სურვილს მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მან უკრაინის ომში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მოსკოვთან ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდა. ექსპერტების აზრით, ისრაელის როლმა ირანთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში განაპირობა ანკარის მხრიდან მსგავსი ნეიტრალური მიდგომის არჩევა.

ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის აკადემიკოს ოზგურ ქორპეს თქმით, თურქეთს არ სურს ირანის წინააღმდეგ პოზიციის დაკავება.

„თურქეთს არ სურს იყოს პასუხისმგებელი იმ უბედურებაზე, რომელიც დაატყდა ქვეყანას, რომელთანაც მას ძლიერი ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს“, - განაცხადა ქორპემ TRT World-თან საუბრისას.

ქორპემ აღნიშნა, რომ თურქეთის პოზიცია ჩამოყალიბდება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ირანის ქცევა ანკარის მიმართ. მისი თქმით, თურქეთის ოფიციალური განცხადებებიც სწორედ ამაზე მიანიშნებს, რის გამოც ანკარამ სტრატეგიად ნეიტრალიტეტი აირჩია და მის გაგრძელებას აპირებს.

აკადემიკოსმა დაამატა, რომ თურქეთმა საერთაშორისო კრიზისების დროს შესაძლოა გამოიყენოს არა პასიური, არამედ „აქტიური ნეიტრალიტეტის“ მიდგომა, როგორც ეს უკრაინის ომის შემთხვევაში მოხდა.

ქორპეს აზრით, თურქეთი ომში შეიძლება ჩაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საკუთარი ტერიტორია გახდება სამიზნე. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს ისეთი რისკია, რომლის აღებაც არცერთ დაპირისპირებულ მხარეს არ სურს.

უსაფრთხო ნავსაყუდელი კრიზისის დროს

ექსპერტების აზრით, თურქეთის ომის საწინააღმდეგო პოზიცია და შუამავლობის მცდელობები ავლენს ანკარას, როგორც რეგიონული უსაფრთხო ნავსაყუდლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც ეს ხდებოდა მრავალი კრიზისის დროს — აშშ-ის ერაყში შეჭრიდან სირიის სამოქალაქო ომამდე.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და ირანს შორის არსებობს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სირიის მომავალი ასადის შემდეგ ან ჰეზბოლას როლი ლიბანში, ანკარასა და თეირანს შორის არსებული ისტორიული კავშირები პრეზიდენტ ერდოღანს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროს ირანის ხელმძღვანელობასთან.

ამ მოსაზრებას იზიარებს თურქეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ომერ ოზგიულიც, რომელიც წარსულში თეირანში თურქეთის სამხედრო ატაშედ მსახურობდა.

„არ არსებობს მიზეზი, რომ ირანმა თურქეთის მიმართ მტრული პოზიცია დაიკავოს. ასეთი ნაბიჯი ირანისთვის სერიოზული შეცდომა იქნებოდა, განსაკუთრებით ომის სტრატეგიების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ოზგულმა TRT World-თან საუბრისას.

თოღამაც ანალოგიურად აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ დარჩება კონფლიქტისგან დაშორებულ უსაფრთხო ნავსაყუდელად.

მიიჩნევა, რომ ეს მიდგომა ვრცელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ენერგიის ექსპორტზე, საკვების იმპორტსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ყურის ქვეყნები მიმდინარე ომის გამო სერიოზული დილემის წინაშე დგანან. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ სერიოზულად შეაფერხა ენერგორესურსების მიწოდება.

ოზგულის აზრით, თურქეთის „სამართლიანი მიდგომა“ რეგიონული კრიზისებისადმი გათვალისწინებული იქნება როგორც ირანის, ისე ყურის ქვეყნების მიერ.

„თურქეთი კვლავ დარჩება უსაფრთხო ნავსაყუდელად როგორც ყურის ქვეყნებისთვის, ისე ირანისთვის“, - დასძინა მან.