თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის მიერ შექმნილ „მექის თავდაცვის ალიანსს“ შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, რომლებსაც მშვიდობის საერთო ხედვა აქვთ.
სააგენტო „ანადოლუს“ ყოველთვიური ჟურნალისთვის „AA Brifing“-ის სტატიაში, სათაურით „რეგიონული პასუხისმგებლობის აღების როლი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში: მექის თავდაცვის ალიანსი“, ფიდანმა მიუთითა, რომ ეს ალიანსი თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გადაკვეთის წერტილში მდებარეობს.
ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად პაკისტანთან და საუდის არაბეთთან ერთად — რომლებიც იზიარებენ ხედვას „რეგიონული პრობლემების რეგიონული გადაწყვეტის შესახებ“ — ხელი მოაწერა „მექის შეთანხმებას ერთობლივი თავდაცვისთვის“. მან განაცხადა, რომ ალიანსის მიზანი შეკავების გაძლიერებით რეგიონულ სტაბილურობაში წვლილის შეტანაა, და აღნიშნა:
„მექის თავდაცვის ალიანსი მდებარეობს ჩვენი სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გადაკვეთის წერტილში, რაც შეიძლება შეჯამდეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებით, განვითარებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერით, ჩვენი საგარეო ურთიერთობების ინსტიტუციური საფუძვლის გაფართოებითა და გლობალური სისტემის ტრანსფორმაციაში წვლილის შეტანით.“
ფიდანმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გლობალური მმართველობის სისტემა რთულ პერიოდს გადის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი გლობალური გამოწვევების ეპიცენტრში იმყოფება.






















