საფრანგეთის განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში მძვინვარე შტორმის გამო 1000 ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ხოლო ჰიპოთერმიის დაახლოებით 20 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეროვნული მედიის ცნობით, გუშინ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმი ამოვარდა.
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოდის დეპარტამენტის ქალაქ კასტელნოდარიში ქარის სიჩქარემ საათში 100 კილომეტრს მიაღწია, ხოლო 12 წუთში 28,6 მილიმეტრი ნალექი დაფიქსირდა.
კასტელნოდარიში, სადაც სახალხო ფესტივალი იმართებოდა, ასევე სეტყვა მოვიდა.
ფესტივალისთვის განთავსებული მაგიდები და სკამები წყალდიდობის ნაკადმა წაიღო. ფესვებიანად ამოგლეჯილი ხეების გამო რამდენიმე გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა. შტორმისა და სეტყვის გამო 700 ადამიანმა მერიის მიერ გამოყოფილ ორ დარბაზს შეაფარა თავი. დაახლოებით 20 ადამიანს ჰიპოთერმიის გამო სამედიცინო დახმარება გაეწია.
ამასთანავე, ვარის დეპარტამენტში შტორმის შედეგად 1000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ვარის პრეფექტმა სიმონ ბაბრემ მოქალაქეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ალპ-მარიტიმის დეპარტამენტის ზოგიერთ რაიონში კი 1 საათის განმავლობაში საშუალოდ 3 კვირის ნორმის ეკვივალენტური ნალექი მოვიდა.
დღეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის 4 დეპარტამენტში შტორმის საფრთხის გამო „ნარინჯისფერი განგაში“ გამოცხადდა.























