მოსაზრება
ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ
კითხვის დრო 4 წუთი
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი: რუსეთ-უკრაინის ომში მუდმივ მშვიდობასთან საკმაოდ ახლოს ვართ
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი „მშვიდობის დამყარებისას ჩამოსაყალიბებელ საზღვაო კომპონენტში პასუხისმგებლობას აიღებს
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი: რუსეთ-უკრაინის ომში მუდმივ მშვიდობასთან საკმაოდ ახლოს ვართ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი: რუსეთ-უკრაინის ომში მუდმივ მშვიდობასთან საკმაოდ ახლოს ვართ / AA
7 იანვარი 2026

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი „მშვიდობის დამყარებისას ჩამოსაყალიბებელ საზღვაო კომპონენტში პასუხისმგებლობას აიღებს“.

სამშაბათს, პარიზში, თურქეთის საელჩოში გამართული უკრაინის საკითხზე „მოხალისეთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ფიდანმა განაცხადა: „ვფიქრობ, ამ ოთხწლიან ომში მუდმივ მშვიდობასთან საკმაოდ ახლოს ვართ. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ მშვიდობის გასაღებად მიჩნეული გარკვეული სფეროები განსაკუთრებული ინტენსივობით განიხილება“.

პარიზის სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას ფიდანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იგი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წარმოადგენდა და ღონისძიებაში ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები და ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. „მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული“, — თქვა მან.

ფიდანმა დაამატა: „რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ თუკი ხელი მოეწერება შეთანხმებას, ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინის ომის დასასრული. ეს, იმავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს ახალი პერიოდის მშვიდობის ფორმებს რუსეთსა და ევროპას შორის. გარდა ამისა, ეს იქნება ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც სამომავლოდ ჩამოაყალიბებს რუსეთის რეგიონულ პოლიტიკას“.

„შავი ზღვის უსაფრთხოებაზე თურქეთის პასუხისმგებლობა ყველაზე ბუნებრივი საკითხია“

ფიდანმა აღნიშნა, რომ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, განიხილება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, უკრაინის შეკავებისუნარიანობის შენარჩუნება და ის სამხედრო ზომები, რომლებიც შეიძლება გატარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა: „თავიდანვე, სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენი პრეზიდენტის მითითებების შესაბამისად, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის ავლენდნენ პოზიციას, რომ თურქეთი აიღებს პასუხისმგებლობას საზღვაო ძალებზე, რომლებიც მშვიდობის პერიოდში ჩამოყალიბდება. მჯერა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი შავ ზღვაში ყველაზე დიდი ფლოტის მქონე ნატოს წევრია, სრულიად ბუნებრივია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თურქეთმა იკისროს. იმედია, მშვიდობის შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი მსხვერპლი და რეგიონში სტაბილურობა დამყარდეს“.

ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ სამშაბათს გამართულ სხვა სესიაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინის ეკონომიკურ აღდგენაზე შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის სენსიტიურობას ამ საკითხის მიმართ და აღნიშნა: „ჭრილობების მოშუშების საქმეში თურქეთზე უფრო დახელოვნებული ქვეყანა არ არსებობს“.

მინისტრის თქმით: „ჩვენ კარგად გამოგვდის როგორც საკუთარი, ისე სხვების ჭრილობების მოშუშება. ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენი ბიზნესმენების უნარები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სფეროში, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მშვიდობის დამყარებასთან ერთად, თურქეთი დიდ როლს ითამაშებს ეკონომიკურ გამოცოცხლებასა და განვითარებაში“.

გარდა ამისა, ფიდანმა აღნიშნა, რომ გამართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

YPG არის PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის სირიული ფრთა

ფიდანმა დაამატა, რომ პარიზში ასევე შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ესად ჰასან შეიბანის, რომელიც იქ აშშ-სა და ისრაელთან ცალკეული სამმხრივი შეხვედრისთვის იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ანკარა აგრძელებს სამ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მონიტორინგს.

„ჩვენ მუდმივ კონსულტაციებში ვართ როგორც სირიულ, ისე ამერიკულ მხარესთან. ამ შეხვედრის შემდეგ მას (შეიბანის) შევხვდით. დეტალურად განვიხილეთ რამდენიმე საკითხი — როგორც დღევანდელი მოლაპარაკებების ეტაპი, ისე რამდენიმე დღის წინ YPG-სთან გამართული მათი შეხვედრის შედეგები“, — განაცხადა ფიდანმა.

ისრაელის ქმედებები სირიაში „პროვოკაციულია“

ფიდანმა ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა აშშ-ის ელჩს ანკარაში და სირიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ტომ ბარაკს, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და გაუზიარა საკუთარი ხედვები.

2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელის არმიამ სირიის ტერიტორიაზე მრავალი რეიდი განახორციელა, რაც დამასკომ მკაცრად დაგმო. ისრაელის ქმედებებს ფიდანმა „პროვოკაციული“ უწოდა: „ეს ქმედებები ისრაელის მიერ რეგიონში გატარებული ფართომასშტაბიანი ექსპანსიონისტური და გამყოფი პოლიტიკის გაგრძელებაა. რეგიონული სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საჭირო ანალიზის გაკეთება და პრევენციული ზომების მიღება“.

„ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარება უკანონობის გამოხატულებაა“

ფიდანმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები, მათ შორის სომალის სეპარატისტული რეგიონის, სომალილენდის აღიარება, რამაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, თელ-ავივის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც რეგიონში არასტაბილურობის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სომალილენდს სამშაბათს დილით ადრე ეწვია, სომალილენდის ცალკე სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.

ჰაქან ფიდანმა განაცხადა: „სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ამგვარი დანაწევრების მცდელობა მიუღებელია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკა „დაყავი, დაანაწევრე და მართე“ უკვე წარსულს ჩაბარდა და რეგიონის ქვეყნები სოლიდარობით ამას არ დაუშვებენ“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სომალილენდსა და სომალის ცენტრალურ მთავრობას შორის არსებობს ხანგრძლივი შიდა პრობლემები და ამ საკითხში მედიატორის როლს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული ელჩი ასრულებს.

„ჩვენ, გაეროს გადაწყვეტილებების, საკუთარი პოლიტიკისა და საერთაშორისო ნორმების ფარგლებში, ყოველთვის ბოლომდე ვიცავდით სომალის ტერიტორიულ მთლიანობას. ყოველთვის მოველოდით, რომ ისინი შიდა პრობლემებს მშვიდობიანი გზით მოაგვარებდნენ“, — დასძინა მან.

ფიდანის თქმით, ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარება „უკანონობის“ ნიშანია: „რა მოხდება, თუკი ისრაელის მსგავსი აქტორი, რომელიც თავად არის უკანონობის ცენტრი, მხარს დაუჭერს სომალილენდს? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ გეოსტრატეგიული ნაბიჯის გადადგმას და საკუთარი ძალის დემონსტრირებას“.

აღმოაჩინეთ
ერდოღანმა ტრამპს განუცხადა: თურქეთი სირიაში არსებულ ვითარებას „ახლოდან“ აკვირდება
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში NBA-ის ყოფილ ლეგენდასთან, შაკილ ონილთან კალათბურთი ითამაშა
ფიდანმა აშშ-ის წარმომადგენელ ბარაკთან სირია–SDG-ის ზავი განიხილა
რუსეთმა და უკრაინამ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ტყვეთა გაცვლის განახლების სიგნალი გასცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „გრენლანდიას უნდა ფლობდეს“; ის დავოსში ლიდერებს შეხვდება
ინდოეთმა და აგს-მ 3 მილიარდი დოლარის LNG-ს შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა უარყო ბრალდებები „დაეშ“-ის ტერორისტების გათავისუფლების შესახებ
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა
ბრიტანეთი და საფრანგეთი ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავენ
ჩინეთის შობადობის მაჩვენებელი 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა
ჩქაროსნული მატარებლის კატასტროფა ესპანეთში: ათეულობით ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა
ევროკავშირი ტრამპის მიერ გრენლანდიის მიმართ საბაჟო მუქარის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს
ერდოღანი ალ-შარას: ტერორიზმისგან „სრული გაწმენდა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სირიისა და რეგიონისთვის
თურქეთმა სირიაში მიღწეულ შეთანხმებას „ტერორიზმისგან გაწმენდილი ზონისთვის“ გარდამტეხი მომენტი უწოდა
სირიულმა საგვარეულოებმა ევფრატის აირისა და ნავთობის საბადოები YPG-ს ტერორისტებისგან დაიბრუნეს