აშშ, უკრაინა და რუსეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრას გამართავენ
აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა დაჩქარდა.
კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფს შორის გამართული „სასარგებლო“ შეხვედრის შემდეგ, აშშ, უკრაინა და რუსეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.
უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა ბოლო თვეებში გააქტიურდა, თუმცა მოსკოვი და კიევი კვლავ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან ტერიტორიებისა და ომის შემდგომი მოწყობის საკითხებში.
კრემლის ინფორმაციით, აშშ-ის მომლაპარაკებლები სტივ ვიტკოფის ხელმძღვანელობით, მოსკოვში პუტინს შეხვდნენ. მოლაპარაკებები დილის პირველ საათებამდე გაგრძელდა.
კრემლის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეხვედრები „ყოველმხრივ სასარგებლო“ იყო.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ ვიტკოფი და აშშ-ის დელეგაცია მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აბუ-დაბიში გაემგზავრნენ. მან ასევე დასძინა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) დირექტორი, იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობს.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების საკითხებზე ორიენტირებული სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს აბუ-დაბიში გაიმართოს“, - განაცხადა უშაკოვმა.
შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, ასევე ჯერჯერობით უცნობია, შეხვდებიან თუ არა რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები ერთმანეთს პირისპირ. უშაკოვმა აღნიშნა: „ჩვენ ნამდვილად ვართ დაინტერესებულნი კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებით“, თუმცა დაამატა: „სანამ ეს მოხდება, რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნების განხორციელებას ბრძოლის ველზე“.
მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტი „თითქმის მზად არის“. მან აღნიშნა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე შეთანხმდნენ.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილი კონტაქტები არის პირველი დადასტურებული სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონის, კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლების მონაწილეობით ბოლო დიპლომატიური ინიციატივის დაწყების შემდეგ.