საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ კვლავ პრემიერ-მინისტრად დანიშნა

ელისეის სასახლემ, რამდენიმე დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოკლე განცხადებით გამოაცხადა, რომ ლეკორნუ ახალი მთავრობის ფორმირების დავალებით დაინიშნა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ კვლავ პრემიერ-მინისტრად დანიშნა / Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა, მისი გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ. ელისეის სასახლის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეკორნუ დაინიშნა ახალი მთავრობის ფორმირების დავალებით, საფრანგეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან რამდენიმე დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ლეკორნუმ X-ის პლატფორმაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა: "მე ვიღებ პრეზიდენტის მიერ ჩემთვის მონიჭებულ მისიას - მოვალეობის გრძნობით: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საფრანგეთს წლის ბოლომდე ჰქონდეს ბიუჯეტი და ვიპოვო გადაწყვეტილებები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემებისთვის".

ლეკორნუმ გაიმეორა, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც "გაღიზიანებას იწვევს" ფრანგ ხალხში, და პირობა დადო, რომ შეასრულებს ახალ დავალებას და თქვა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ფინანსების რეორგანიზაცია პრიორიტეტული იქნება.

"ამ ვალდებულებას ვერავინ გაექცევა", - თქვა ლეკორნუმ და დასძინა, რომ ყველა საკითხი, რომელიც ბოლო მოლაპარაკებებზე განიხილებოდა, სრული საპარლამენტო განხილვისთვის იქნება ღია.

ლეკორნუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მთავრობაში შემავალი ყველა პირი უნდა შეთანხმდეს, რომ გვერდზე გადადონ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ამბიციები" და ახალმა კაბინეტმა უნდა წარმოადგინოს "ინოვაციებისა და ექსპერტიზის მრავალფეროვნება".

საფრანგეთში პოლიტიკური არეულობა 2024 წლის შუა პერიოდში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაიწყო, რამაც პარლამენტი არასტაბილური გახადა და მაკრონის დასუსტება და ულტრამემარჯვენეებს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების საშუალება მისცა.

ლეკორნუს ხელახალი დანიშვნა მოხდა ფრანსუა ბაირუს გადადგომის შემდეგ, რომელმაც 8 სექტემბერს ნდობის კენჭისყრა წააგო.

ბაირუს 2026 წლის ბიუჯეტის გეგმა მიზნად ისახავდა დაახლოებით 44 მილიარდი ევროს (51 მილიარდი დოლარი) დაზოგვას, რათა შეემცირებინა საფრანგეთის სახელმწიფო ვალი, რომელიც ამჟამად მშპ-ს 115 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

საფრანგეთს ამჟამად ევროკავშირში ერთ-ერთი უდიდესი საბიუჯეტო დეფიციტი აქვს, რომელიც მშპ-ს 5,8 პროცენტს შეადგენს.

ოპოზიციის ლიდერებმა მაკრონის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.

LFI-ის ეროვნულმა კოორდინატორმა მანუელ ბომპარმა ლეკორნუს დაბრუნება შეაფასა, როგორც "ფრანგი ხალხისთვის ახალი დარტყმა უპასუხისმგებლო კაცისგან, რომელიც საკუთარი ძალაუფლებით არის გაბრუებული".

ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჟორდან ბარდელამ კი განაცხადა: "ლეკორნუ II-ის მთავრობა, რომელიც დანიშნა ელისეის სასახლეში იმაზე მეტად იზოლირებულმა და მოწყვეტილმა ემანუელ მაკრონმა, არის ცუდი ხუმრობა, დემოკრატიული სირცხვილი და ფრანგი ხალხის დამცირება".