ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საარტილერიო სისტემებისა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) გამოყენებით საბრძოლო სროლის სამხედრო წვრთნები ჩაატარა.
კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ინფორმაციით, ფხენიანმა 12 სექტემბერს გამართა წვრთნები, სადაც შეიარაღების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ფუნქციონირება გამოსცადეს.
მარშალმა პაკ ჯონგ ჩონმა, რომელიც საარტილერიო სისტემებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მონაწილეობით ჩატარებულ საბრძოლო სროლებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ გამოყენებულმა იარაღის სისტემებმა „უზარმაზარი დამანგრეველი ძალა“ გამოავლინა.
პაკმა აღნიშნა, რომ ეს წვრთნები „გაზრდის მტრის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციულად და სტრუქტურულად განეიტრალების პროფესიულ დონეს“.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული წვრთნები აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „Freedom Edge“-ის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ გაიმართა.
შეფასებების თანახმად, წვრთნები, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ერთდროული ცეცხლი გაიხსნა, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გარღვევის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის მიერ 12 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე რაკეტა გაუშვა, რომლებმაც ზღვაში ჩავარდნამდე დაახლოებით 250 კილომეტრი მანძილი დაფარეს.




















