პოლიციის განცხადებით შვეიცარიის დასავლეთით ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ხელისუფლებამ კერზერსში მომხდარი ფატალური ხანძრის შემდეგ გამოძიება დაიწყო.

By
პოლიციის განცხადებით შვეიცარიის დასავლეთით ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა / AP

პოლიციამ განაცხადა, რომ შვეიცარიის დასავლეთით ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო, ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ფრიბურგის პოლიციის განმარტებით, სამშაბათს ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა ფრიბურგის კანტონში, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ კერზერსის ერთ-ერთ გზაზე.

ფრიბურგის პოლიციის პრესსპიკერმა, ფრედერიკ პაპომ განაცხადა: „ამ ეტაპზე არსებობს ნიშნები იმისა, რომ ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი პირი განზრახ მოქმედებდა“.

პოლიციამ განაცხადა, რომ სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაპომ ასევე აღნიშნა, რომ მგზავრები ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან პანიკაში მყოფნი და დაშავებულები გარბოდნენ; შემთხვევის ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ფიგურირებდა.

შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელინმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პარმელინმა დაწერა: „შოკირებული და ღრმად დამწუხრებული ვარ იმით, რომ შვეიცარიაში ძლიერი ხანძრის შედეგად ადამიანები კიდევ ერთხელ დაიღუპნენ“.

აღნიშნული ტრაგედია მოხდა რამდენიმე თვის შემდეგ მას მერე, რაც შვეიცარიაში კიდევ ერთი ფატალური ხანძარი დაფიქსირდა.

იანვარში, შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანას ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 115 დაშავდა.