ირანის ლიდერმა ხამენეიმ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში რეგიონული ომის შესახებ გაფრთხილება გააკეთა
ტრამპის ომის მუქარების შემდეგ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
ირანის სილიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ გააკეთა გაფრთხილება, რომ აშშ-ის მხრიდან ირანზე თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევს.
„თუ ამერიკის შეერთებული შტატები ამჯერად ომს დაიწყებს, ის მთელ რეგიონზე გავრცელდება“, — განაცხადა ხამენეიმ კვირას თეირანში სიტყვით გამოსვლისას. მისი გამოსვლა 1979 წლის რევოლუციის 47-ე წლისთავის წინ შედგა, რომელმაც (რეზა) ფეჰლევის მმართველობა დაასრულა.
ვაშინგტონის მიერ სპარსეთის ყურეში ავიამზიდებისა და სამხედრო ხომალდების განთავსებას მან „ახალი არაფერი“ უწოდა.
ხამენეიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები წარსულშიც არაერთხელ აკეთებდნენ მსგავს გაფრთხილებებს და ხშირად ამბობდნენ, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“, რითაც სამხედრო ვარიანტსაც გულისხმობდნენ.
„ახლა ეს კაციც გამუდმებით ამბობს — 'სამხედრო ხომალდები მოვიყვანეთ' და ასე შემდეგ“, — ამ სიტყვებით მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მიანიშნა.
მან თქვა, რომ ირანელი ერი მსგავსი რაღაცებით არ უნდა დაშინდეს. „ირანის ხალხზე ეს მუქარები გავლენას არ ახდენს“, — განაცხადა მან.
ოთხშაბათს, ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ირანისკენ გიგანტური „არმადა“ მიემართება და თეირანს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.
ამ განცხადებამ აშშ-ის შესაძლო სამხედრო თავდასხმის შესახებ სპეკულაციები გააღვივა; ირანელმა მაღალჩინოსნებმა მკაცრი რეაგირება მოახდინეს და რეგიონში ინტენსიური დიპლომატიური აქტივობა დაიწყო.
„გადატრიალების მსგავსი“
ხამენეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი არ იქნება არანაირი ომის ინიციატორი და მას „არცერთ ქვეყანაზე თავდასხმა არ სურს“; თუმცა დასძინა, რომ „ვინც თავს დაესხმება ან ქვეყანას შეავიწროებს, ყველას გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს“.
ირანში ბოლო დროს გამართული ანტისამთავრობო პროტესტის შეფასებისას, ხამენეიმ აქციებს „გადატრიალების მსგავსი“ მოძრაობები უწოდა, რომლებიც საბოლოოდ დამარცხდნენ. ხამენეი ამტკიცებს, რომ არეულობის მიზანი ქვეყნის მართვაში მონაწილე „სენსიტიური და გავლენიანი ცენტრების განადგურება“ იყო.
ირანელმა მაღალჩინოსნებმა საპროტესტო აქციების დროს ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირები „ამბოხებულებად“ და „ტერორისტებად“ მოიხსენიეს და მათ მხარდაჭერაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულეს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მხრიდან ირანზე თავდასხმის შიში იზრდება, გამოიკვეთა ნიშნები იმისა, რომ დაძაბულობა შეიძლება განიმუხტოს.
შაბათს, ირანის მაღალჩინოსანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის „სტრუქტურული ჩარჩო“ ჩამოყალიბდა და პროცესი წინ მიიწევს, ამავე დროს მან მედიაში გავრცელებული გადაჭარბებული შეფასებები უარყო.
ტრამპმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ირანი ვაშინგტონთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.
ლარიჯანი პირადად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.