აშშ და უკრაინა „მყარი მშვიდობისკენ“ გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავენ

მხარეები აცხადებენ, რომ პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მიერ „სერიოზული მზაობის“ გამოჩენაზე, განმუხტოს დაძაბულობა და შეწყვიტოს მსხვერპლი

By
აშშ და უკრაინა „მყარი მშვიდობისკენ“ გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავენ / Reuters

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაოფიციალური მრჩეველი ჯარედ კუშნერი, რუსეთთან ომის დასრულებისკენ მიმართული ნაბიჯების განსახილველად, უკრაინელ ოფიციალურ პირებს ორი კვირის განმავლობაში უკვე მეექვსედ შეხვდნენ.

ორდღიან მოლაპარაკებებში, რომელიც სამინისტრომ „კონსტრუქციულად“ შეაფასა, მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენშტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „უკრაინაში მყარი და სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი სანდო საგზაო რუკის წინ წაწევაზე“.

უმეროვმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტია ისეთი გადაწყვეტის უზრუნველყოფა, რომელიც „დაიცავს მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, უზრუნველყოფს უკრაინელების უსაფრთხოებას და შექმნის სტაბილურ საფუძველს აყვავებული დემოკრატიული მომავლისთვის“.

შეხვედრებზე ასევე განიხილეს აშშ-ის მიერ რუს ოფიციალურ პირებთან გამართული ბოლო მოლაპარაკებების შედეგები და შესაძლო ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება მეოთხე წელს კონფლიქტის დასრულება უზრუნველყოს.

ორივე მხარემ განიხილა მყარი მშვიდობის მხარდაჭერისთვის საჭირო შეკავების შესაძლებლობები და შეთანხმდა სამომავლო უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე.

ვაშინგტონმა და კიევმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეალური პროგრესი დამოკიდებულია „რუსეთის მზაობაზე, გამოიჩინოს სერიოზული ერთგულება გრძელვადიანი მშვიდობისადმი, მათ შორის დაძაბულობის განმუხტვასა და მსხვერპლის შეჩერებაზე“.

მხარეები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად შაბათს კვლავ შეიკრიბებიან.