აშშ, ირანთან არსებული დაძაბულობის გამო, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ სამხედრო ხომალდს აგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ სამხედრო ძალების კონცენტრაცია თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს.
ამერიკული სამაუწყებლო კომპანია CBS-ის ხუთშაბათის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ „დიდი ფლოტი“ მიემართება, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი გაგზავნა.
CBS-მა დააკონკრეტა, რომ სამხედრო ხომალდი Arleigh Burke-ის კლასის Aegis-ის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი USS Delbert D. Black-ია.
CBS-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში მყოფ სხვა ამერიკულ ხომალდებს შორისაა ავიამზიდი USS Abraham Lincoln, ესმინეცები: USS Spruance, USS Murphy, USS Frank E. Petersen, USS McFaul და USS Mitscher, ასევე სანაპირო ზოლის საბრძოლო ხომალდები: USS Canberra, USS Tulsa და USS Santa Barbara.
პენტაგონი, თეირანთან დაძაბულობის ფონზე, რეგიონული ძალების განლაგებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს და აგრძელებს რეგიონში ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფის, მოწინავე გამანადგურებელი თვითმფრინავების ესკადრილიებისა და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბატარეების სწრაფ განთავსებას.
ოთხშაბათს ტრამპმა კვლავ აღნიშნა, რომ ირანისკენ „დიდი ფლოტი“ მიემართება და იმედი გამოთქვა, რომ თეირანი „მაგიდასთან დაჯდება“ და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს გამართავს.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა გამოიყენოს „ყველა ვარიანტი“ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობების აღსაკვეთად, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური შეთანხმება კვლავ შესაძლებელია.
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებმა იანვრის დასაწყისში განაცხადეს, რომ რეგიონი ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის „მზად არ იყო“.
ირანის არმიამ, დაძაბულობის სწრაფი ესკალაციის ფონზე, გაავრცელა გაფრთხილება, რომ ნებისმიერ თავდასხმას „მტკიცე და სწრაფი პასუხი“ გაეცემა.