აშშ-მა სამხრეთ კორეისთვის 111,8 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა დაამტკიცა

სამხრეთ კორეა, რეგიონში პოტენციური საფრთხეების შესაკავებლად და სამხედრო მზადყოფნის გასაძლიერებლად, აშშ-ისგან 624 მცირე დიამეტრის ბომბს შეიძენს

By
აშშ-მა სამხრეთ კორეისთვის 111,8 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა დაამტკიცა / AFP

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავდაცვის სფეროში უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) მიერ პარასკევს გავრცელებული განცხადების თანახმად, სამხრეთ კორეისთვის 111.8 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა დაამტკიცა.

სააგენტომ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ 624 ერთეული დამატებითი GBU-39/B ტიპის მცირე დიამეტრის ბომბი მოითხოვა. ეს ბომბები გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან სახმელეთო სამიზნეებზე მაღალი სიზუსტით ეშვება და ცნობილია, როგორც ზუსტი დამიზნების იარაღი, რომელიც ტანკებისა და ბუნკერების გასანადგურებლად საკმარისად ძლიერია.

სააგენტოს განცხადებით, ეს გაყიდვა „ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების განმტკიცების გზით, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესისთვის მნიშვნელოვან ძალასა და მოკავშირეს წარმოადგენს“.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ბომბები დაეხმარება სამხრეთ კორეას „არსებული და მომავალი საფრთხეებისგან თავდაცვასა და რეგიონში აგრესიის შეკავებაში“, ასევე უზრუნველყოფს მისი ძალების ამერიკულ სამხედრო შენაერთებთან შეუფერხებელ მოქმედებას.

იარაღს ამერიკული თავდაცვის კომპანია Boeing-ი აწარმოებს და ამ გაყიდვისთვის სამხრეთ კორეაში აშშ-ის მთავრობის დამატებითი პერსონალის ან კონტრაქტორების გაგზავნა საჭირო არ იქნება.