თურქულმა „Kızılelma-მ“ საჰაერო ძალა სამუდამოდ შეცვალა

უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა მსოფლიოში პირველი დადასტურებული „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის განადგურება განახორციელა, რამაც გლობალური საჰაერო ძალის სტრუქტურა გარდაქმნა და ავტონომიურ საბრძოლო ავიაციაზე გადასვლა დააჩქარა.

By
თურქულმა „Kızılelma-მ“ საჰაერო ძალა სამუდამოდ შეცვალა / AA

სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველად, თურქულმა უპილოტო მოიერიშე საფრენმა აპარატმა (UCAV) „Bayraktar Kızılelma-მ“ ადგილობრივი წარმოების „მხედველობის არეალს მიღმა“ მოქმედების რაკეტით საჰაერო სამიზნე წარმატებით აღმოაჩინა და გაანადგურა.

გასული თვის ბოლოს, სინოპის მახლობლად, შავ ზღვაზე ჩატარებული საბრძოლო სროლის ტესტი გახდა პირველი საჯარო დემონსტრაცია იმისა, რომ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა რადარით მართვადი რაკეტით მაღალსიჩქარიანი, რეაქტიული სამიზნე ჩამოაგდო.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპი უპილოტო საფრენ აპარატებს ტრადიციული დაზვერვისა და სახმელეთო თავდასხმის როლების მიღმა, ისეთ კონკურენტულ სფეროებში გადაიყვანს, როგორიცაა საჰაერო ბრძოლა და საჰაერო უპირატესობა.

ადგილობრივი AESA რადარით აღმოჩენიდან ადგილობრივი რაკეტით განადგურებამდე - სრულად ადგილობრივი „განადგურების ჯაჭვის“ დემონსტრირება ქვეყნისთვის სუვერენული შესაძლებლობების ახალ ეპოქას ნიშნავს. ამავდროულად, ეს ეჭვქვეშ აყენებს უპილოტო სისტემების როლებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებულ ხანგრძლივ ვარაუდებს და გლობალურ საჰაერო ძალაში მნიშვნელოვან გარდატეხას ქმნის.

აქამდე უპილოტო საფრენი აპარატები ძირითადად დაზვერვის, თვალთვალის (ISR) და შეზღუდული თავდასხმის როლებს ასრულებდნენ. სისტემები, როგორიცაა ამერიკული MQ-1 Predator და MQ-9 Reaper, ან თურქული Bayraktar TB2, წარმატებული იყო სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებაში, მაგრამ მათი შეზღუდული „ჰაერი-ჰაერი“ შესაძლებლობების გამო, ცაზე კონტროლის მოპოვება არ შეეძლოთ.

ამის საპირისპიროდ, „Bayraktar Kızılelma-მ“ თავიდანვე დაპროექტებული იყო როგორც საჰაერო ბრძოლებისთვის განკუთვნილი UCAV. ბოლო სარაკეტო ტესტმა დაადასტურა ეს საპროექტო კონცეფცია: ბორტზე არსებული რადარით თვალყური ადევნა მაღალსიჩქარიან, რეაქტიულ უპილოტო აპარატს და ადგილობრივად შექმნილი, „მხედველობის არეალს მიღმა“ (BVR) მოქმედი რაკეტით ის დისტანციურად გაანეიტრალა.

აღსანიშნავია, რომ „Kızılelma“ არის პირველი ცნობილი UCAV, რომელმაც რადარით მართვადი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტის გაშვებითა და მართვით წარმატებული დევნა და განადგურება განახორციელა. ეს წარმატება თურქეთს წინ აყენებს მრავალ მაღალი დონის კონკურენტ „loyal wingman“ (ერთგული მეწყვილე) პროექტთან შედარებით, რომლებიც ჯერ კიდევ დამუშავების ან სიმულაციის ეტაპზეა.

კერძოდ, მაშინ როცა ავსტრალიის MQ-28 Ghost Bat-ის პროექტის ფარგლებში მსგავსი ტესტი AIM-120 AMRAAM-ით მომავალ თვეში იგეგმება, „Kızılelma-მ“ ამ წარმატებას მათზე ადრე მიაღწია.

ტესტი აჩვენებს, რომ ცეცხლის მართვის რადარითა და შორი მოქმედების რაკეტებით აღჭურვილ მოწინავე უპილოტო აპარატებს შეუძლიათ მტრის თვითმფრინავებისთვის საფრთხის შექმნა და მათი გაუვნებელყოფა. ეს საშუალებას აძლევს საჰაერო ძალებს, განიხილონ უპილოტო პლატფორმები ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა სასაზღვრო პატრულირება, საჰაერო ჩარევები და ოპერაციები ინტენსიური კონკურენციის საჰაერო სივრცეში, რაც აქამდე პილოტირებული გამანადგურებლების მონოპოლია იყო.

ადგილობრივი განადგურების ჯაჭვი

„Kızılelma-ს“ ტესტის ერთ-ერთი საყურადღებო მხარე ის იყო, რომ განადგურების ჯაჭვის თითოეული რგოლი ადგილობრივი წარმოების გახლდათ. „Kızılelma-მ“ შეიქმნა Baykar-ის, MURAD AESA რადარი - ASELSAN-ის, ხოლო „Gökdoğan“-ის „ჰაერი-ჰაერი“ რაკეტა - TÜBİTAK SAGE-ის მიერ. ეს ადგილობრივი ტრიო თურქეთს აძლევს თავისუფლებას, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ნებართვებზე ამ შესაძლებლობის განლაგების, შეცვლის ან ექსპორტის შემთხვევაში.

ბევრი სახელმწიფო აწყდება მკაცრ სალიცენზიო რეჟიმებს მოწინავე რაკეტების ან სენსორების შესყიდვისას. თურქეთის ადგილობრივი ეკოსისტემა თავს არიდებს მსგავს შეზღუდვებს, რაც ზრდის მის მიმზიდველობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დასავლური პილოტირებული საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა.

Baykar-ი TB2-ით უკვე ახორციელებს უპილოტო აპარატების მიყიდვას მრავალი ქვეყნისთვის. თუ „Kızılelma“ საექსპორტო სისტემად გარდაიქმნება, მას შეუძლია რეგიონული ძალთა ბალანსის ისე გადალაგება, როგორც ეს TB2-მა ყარაბაღის მეორე ომსა და სხვა კონფლიქტებში გააკეთა. Baykar-ის ერთობლივი საწარმოო სამუშაოები იტალიურ Leonardo-სთან ნიშნავს, რომ „Kızılelma-მ“ შესაძლოა ადგილი ევროპულ ან ნატოს სტრუქტურებშიც დაიკავოს.

„Kızılelma-ს“ მსგავსი უპილოტო გამანადგურებლის გამოჩენა ღრმა გავლენას ახდენს ძალთა სტრუქტურასა და ხარჯებზე. თანამედროვე მე-4 ან მე-5 თაობის პილოტირებული საბრძოლო თვითმფრინავები ძვირადღირებულია არა მხოლოდ თვითმფრინავის ფასის, არამედ პილოტების წვრთნის, ტექნიკური მომსახურებისა და ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურის გამო.

UCAV-ები ამ ტვირთის შემსუბუქების გზას გვთავაზობენ. Baykar-ი ხაზს უსვამს „Kızılelma-ს“ მიზანს, შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც ჩვეულებრივ პილოტირებულ თვითმფრინავებს ეკისრებათ, ოღონდ უფრო დაბალი საოპერაციო ხარჯებითა და რისკით. ამით არმიებს შეუძლიათ იგივე ბიუჯეტით უფრო მეტი საფრენი აპარატი განალაგონ და ყველაზე მოწინავე პილოტირებული პლატფორმები სპეციალური ამოცანებისთვის შეინახონ.

პილოტირებული და უპილოტო გამანადგურებლების „მაღალი-დაბალი“ ნაზავის ირგვლივ აგებულ ძალას შეუძლია განახორციელოს განაწილებული და „გაწირვადი“ ოპერაციები, რომლებიც ადრე მიუღებლად სარისკო იყო. მეთაურებს შეუძლიათ ყველაზე სახიფათო ჩარევები, პატრულირება ან ჩახშობის ამოცანები UCAV-ებს დააკისრონ პილოტის დაკარგვით გამოწვეული პოლიტიკური და ადამიანური ფასის გარეშე.

ასეთი შესაძლებლობა აძლიერებს აზრს, რომ ხვალინდელმა საჰაერო ძალებმა შეიძლება განალაგონ არა მხოლოდ რამდენიმე ელიტური საბრძოლო თვითმფრინავი, არამედ UCAV-ების გუნდები ან ფორმირებები, რომლებსაც შეუძლიათ პილოტირებულ თვითმფრინავებთან თანამშრომლობა ან დამოუკიდებლად მოქმედება. საბოლოო ეფექტი შეიძლება იყოს მეტი დაფარვა და ცეცხლის ძალა იგივე დანახარჯებით.

ღრმა გავლენა

ეს სიტუაცია დოქტრინის კუთხითაც ღრმა შედეგებს ბადებს. დამაჯერებელი საჰაერო-საბრძოლო უპილოტო აპარატების სცენაზე გამოსვლა შეკავების პოლიტიკას ახალ შრეს მატებს და მოწინააღმდეგის დაგეგმვას ართულებს. შეკავების კუთხით, უპილოტო გამანადგურებლების ესკადრილიას შეუძლია მუდმივად აკონტროლოს საზღვრები ან სადავო საჰაერო სივრცე; ეს იძლევა სიგნალს, რომ ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება რეაგირება, რომელიც პილოტს რისკის ქვეშ არ აყენებს.

პილოტის სიცოცხლის რისკის არარსებობამ შესაძლოა ჩარევის ზღვარი დასწიოს. ქვეყანამ შეიძლება მოინდომოს მტრის თვითმფრინავების უფრო ადრე და ხშირად აღკვეთა უპილოტო აპარატებით, რადგან ეცოდინება, რომ უპილოტო აპარატის დაკარგვის პოლიტიკური ფასი პილოტის ჩამოგდებასთან შედარებით ნაკლებია.

არსებითად, UCAV-ები გაურკვევლობას ქმნიან. მოწინააღმდეგის საჰაერო ძალის შეფასების ჩვევა პილოტირებული გამანადგურებლების რაოდენობის მიხედვით ძველებურად ვეღარ იმუშავებს.

ეს სავარაუდოდ ტალღისებურ გავლენას მოახდენს დოქტრინასა და შესყიდვებზე. მომავალში საჰაერო ძალებს მოუწევთ უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავების განხილვა პოტენციურ მთავარ ელემენტებად სტრატეგიისა და შესყიდვების გეგმების მომზადებისას.

„Kızılelma-ს“ ტესტი სავარაუდოდ დისკუსიებს გამოიწვევს თურქეთის ფარგლებს გარეთაც. სხვა დიდ ძალებსაც აქვთ მსგავსი პროექტები, როგორიცაა ამერიკული XQ-58A Valkyrie, ჩინური GJ-11 („უხილავი“ UCAV) და რუსული S-70 Okhotnik; მაგრამ ჯერჯერობით არცერთს საჯაროდ არ უჩვენებია უპილოტო სისტემის მიერ შესრულებული „ჰაერი-ჰაერი“ დარტყმა.

თურქეთის წარმატებამ შესაძლოა ამ მოთამაშეებს შორის საკუთარი პროგრამების დამტკიცების ან დაჩქარების გადაუდებელი საჭიროების განცდა გააჩინოს.

„Kızılelma-ს“ ეს მიღწევა იმის ნიშანია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები დამხმარე როლებიდან საჰაერო უპირატესობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე გადავიდნენ.

მომდევნო წლებში დოქტრინები, სასწავლო პროგრამები და ძალთა შემადგენლობა თავიდან დაიწერება, როდესაც მოხდება ადამიან-პილოტებთან ერთად ან მათ წინ მოქმედი უპილოტო გამანადგურებლების ფორმირებების ინტეგრირება.

თურქეთის წარმატება გარდამტეხ მომენტზე მეტია, ეს არის სტრატეგიული სასიგნალო შუქურა ომის მომავლისთვის.