ნატო-უკრაინის საბჭო, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ, ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე საგანგებოდ შეიკრიბა, რათა უკრაინას მოკავშირეებისთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისა და გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.
ნატო-ში უკრაინის მისიის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას გენერალური მდივანი მარკ რუტე თავმჯდომარეობდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში სერგი ბოევი შეხვედრას პირადად დაესწრო, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი სერჰი სობკო დისკუსიას ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეუერთდა.
მათ მოკავშირეებს მიაწოდეს განახლებული ინფორმაცია რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბსა და ხასიათზე და გააცნეს როგორც თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებები, ისე მომავალი წლის პრიორიტეტები.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 17 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობით ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეიკრიბება.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის ჯგუფი, წარმოადგენს 2022 წლის აპრილში აშშ-ის ინიციატივით შექმნილ პლატფორმას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მიზნით 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ხოლო ნატო-უკრაინის საბჭო, რომელიც 2023 წლის ივლისში ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა, ფუნქციონირებს როგორც ორგანო, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები და უკრაინა თანასწორი მონაწილეების სტატუსით განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს და შეუძლიათ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.























