საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანას წესრიგი და სიმშვიდე სჭირდება, და აღნიშნა, რომ პრეფექტებს გარკვეული დემონსტრაციების აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების შემდეგ მაკრონმა დედაქალაქ პარიზში, ელისეს სასახლიდან ერს მიმართა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ამ საღამოს მე თქვენ უკიდურესად სერიოზულ დროს მოგმართავთ“, — განაცხადა მაკრონმა.
აქციებზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე საუბრისას მაკრონმა აღნიშნა: „გუშინ, შაბათს, 17 ოქტომბერს, ულტრამემარცხენე მარგინალურმა ჯგუფებმა, მათთან შეერთებულ მრავალ დამნაშავესთან ერთად, ჩვენს ქალაქებში უკონტროლო ძალადობა გამოიწვიეს“.
მაკრონმა პოლიტიკურ პარტიებსა და პროფკავშირებს დემონსტრაციებზე მომხდარი ძალადობის მკაცრად დაგმობისკენ მოუწოდა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პრეფექტებს ქალაქების დასაცავად ზოგიერთი აქციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლიათ.
„ქვეყანას წესრიგი და სიმშვიდე სჭირდება და არა დაძაბულობის ესკალაცია“, — განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ მრავალი მაღაზია გაიძარცვა, ასევე თავდასხმები განხორციელდა სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივ შენობებსა და მერიებზე.
„როგორ შეუძლიათ ფრანგებს, საფრანგეთს ეს გაუკეთონ?“
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ აქციების ამსახველი კადრების ნახვისას ქვეყანაში ყველა საკუთარ თავს ეკითხება: „რა უდევთ თავში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, საფრანგეთს ეს გაუკეთონ?“.
„ჩვენი ქალაქების ქუჩების ასე განადგურებული ხილვა აუტანელია“, — თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ მომხდარის გამო ყველა ბრაზსა და სირცხვილს განიცდის.
„როგორ მივიდნენ ამ ზღვრამდე?“
მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის გაუგებარია ლიმოჟის მერიისა და ქალაქ ლიონის ტურიზმის ოფისის გადაწვა, მარსელის მერიაში შეჭრა და ქალაქ ბორდოში პრეფექტის რეზიდენციაზე თავდასხმა: „როგორ შეიძლებოდა ამ ზღვრამდე მისვლა? ამას ვერაფერი გაამართლებს. ამას ვერაფერი ახსნის. ამას ვერაფერი გამოისყიდის“.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მრავალ ქალაქში უპრეცედენტო ძალადობის პირისპირ აღმოჩნდნენ: „მათ გაუძლეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ“.
„ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობს, პასუხი უნდა აგოს“
მაკრონმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი სებასტიენ ლეკორნიუ უახლოეს დღეებში შეხვდება პოლიტიკურ პარტიებს, პროფკავშირებს, უფროსკლასელთა და სტუდენტთა წარმომადგენლებს, და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიაში გამჭვირვალობა მოითხოვა.
„მე მთავრობას დავავალე, რომ დაზვერვისა და წინასწარი განჭვრეტის კუთხით ყველა საჭირო გაკვეთილი გამოიტანოს და უზრუნველყოს, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს“, — განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხებსა და საგამოძიებო მოქმედებებს მოითხოვს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა პროკურორებს ამ საკითხში მკაცრი ზომების მიღება დაავალა: „ვინც ანგრევს, მან ამის საფასური უნდა გადაიხადოს. ვინც ძარცვავს, ზიანი უნდა აანაზღაუროს. ხოლო მათ, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობს, პასუხი უნდა აგონ“.
მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნონ დამრბევები და მომიტინგეები, და აღნიშნა, რომ ესმის იმ დემონსტრანტების, რომლებიც ცხოვრების სიძვირესა და საწვავის ფასებზე წუხილს გამოხატავენ.
„მე მესმის ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების“
მაკრონმა განაცხადა, რომ ამ შეშფოთების მიზეზი აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე თავდასხმებით დაწყებულ ომში მდგომარეობს, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ნავთობის მიწოდების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღო.
„მე მესმის ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ხმის გაგონება.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს ეს რისხვა, იმოქმედოს მის გამომწვევ მიზეზებზე და ამავდროულად დაიცვას რესპუბლიკა. მან ხაზი გაუსვა, რომ აქციებზე დამრბევებისა და გამნადგურებლების მიმართ არანაირ დათმობაზე არ წავლენ.
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი იმსახურებს 6 თვეში, გეგმის მიხედვით, ღირსეული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას; მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგის მომხრეა და გმობს ყოველგვარ ძალადობას.
„ყვითელმა ჟილეტებმა“, რომლებსაც სტუდენტებიც უჭერდნენ მხარს, ქვეყნის მასშტაბით აქციები ცხოვრების სიძვირისა და საწვავის მაღალი ფასების გასაპროტესტებლად გამართეს.
დემონსტრაციების დროს დაახლოებით 2 400 ადამიანი დააკავეს, ხოლო 1 000-მდე პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე დაშავდა.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დედაქალაქ პარიზში ერთ-ერთი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ქალაქ სენტ-ეტიენში კი ერთ მომიტინგეს ხელის მტევანი მოაწყდა.






















