გერმანიის კანცლერი გლობალური არეულობის ფონზე „უფრო დამოუკიდებელი“ ევროპისკენ მოუწოდებს

ფრიდრიხ მერცი: „თუ გვსურს როლი შევასრულოთ გლობალური ტრანსფორმაციის პროცესში, გარკვეული საკითხები ახლავე უნდა ავიღოთ კონტროლის ქვეშ“.

By
გერმანიის კანცლერი გლობალური არეულობის ფონზე „უფრო დამოუკიდებელი“ ევროპისკენ მოუწოდებს / Reuters

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, გლობალური რყევების გათვალისწინებით, ევროპელებს მეტი დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა.

ორშაბათს, ფრანკფურტის საფონდო ბირჟის საახალწლო მიღებაზე, რომელიც ქალაქ ეშბორნში გაიმართა, მერცმა განაცხადა: „ჩვენ ახლა, სავარაუდოდ, პოლიტიკური გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ყველაზე დიდ პერიოდს და, რა თქმა უნდა, ღრმა გარდამტეხ მომენტს განვიცდით. ეს არის წარსულთან გაწყვეტა“. მან ასევე დასძინა, რომ ევროპელები ახლა ცხოვრობენ სამყაროში, სადაც „კვლავ გამოჩნდნენ დიდი სახელმწიფოები, რომლებიც წესების დაცვის ნაცვლად ძალისმიერ პოლიტიკას აწარმოებენ“.

ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეუძლია ცენტრალური როლი შეასრულოს ევროპის გაერთიანებასა და მის მეტ დამოუკიდებლობაში: „თუ ევროპელები ერთიანი და მტკიცე ნებით ვიმოქმედებთ, ჩვენ შეგვიძლია სამყაროში ცვლილებების მოხდენა. ზოგჯერ იმაზე მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე თავად გვჯერა“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გზა „სუვერენული, თავისუფალი, მშვიდობიანი და ეკონომიკურად აყვავებული ევროპისკენ“ ღიაა. მერცმა დაამატა, რომ ევროპამ უნდა შეიძინოს თავდაცვისუნარიანობა, კვლავ გახადოს ევროპული ეკონომიკური გარემო უფრო კონკურენტუნარიანი და გახდეს ტექნოლოგიურად უფრო დამოუკიდებელი.

„ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიცვალა. თუმცა, ძველი დროისადმი ნოსტალგია ან მოგონებები ვერ დაგვეხმარება. თუ გვსურს ამ გლობალურ ტრანსფორმაციულ პროცესში როლი შევასრულოთ, საქმეები ახლავე უნდა ავიღოთ ხელში“, - განაცხადა მერცმა.