თურქეთმა რუმინეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მატჩი აშორებს

თურქეთმა რუმინეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მატჩი აშორებს

By
თურქეთმა რუმინეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მატჩი აშორებს / Reuters

თურქეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში რუმინეთი 1-0 დაამარცხა და პლეი-ოფის ფინალში გასვლა მოახერხა.

არდა გიულერის ბრწყინვალე თამაშისა და მეორე ტაიმში ფერდი ქადიოღლუს მიერ გატანილი გოლის წყალობით, თურქეთმა რუმინეთს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

„ბეშიქთაშ პარკზე“ გამართულ დაძაბულ შეხვედრაში წონასწორობა 53-ე წუთზე დაირღვა; „რეალ მადრიდის“ ნახევარმცველმა, არდა გიულერმა, მეტოქის დაცვა ბრწყინვალე პასით გაჭრა და ფერდი ქადიოღლუ მოძებნა. ქადიოღლუმ ბურთი დაიმორჩილა და ზუსტი დარტყმით თურქეთი დააწინაურა.

დაწინაურების შემდეგ თურქეთის ნაკრებს თავდაჯერებულობა მოემატა და მალევე სხვაობის გაორმაგების შანსიც მიეცა; „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ქენან ილდიზი მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიჭრა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

რუმინეთი ანგარიშის გათანაბრებას დიდი ძალებით ცდილობდა, თუმცა თურქეთმა დაცვაში საიმედოდ ითამაშა, უპირატესობა შეინარჩუნა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

ამ გამარჯვებით თურქეთი 31 მარტს გასამართ პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად კოსოვოს დაუპირისპირდება.