ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ქვეყანაზე აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ევროპის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ზოგიერთი ბაზა მიზანში ამოიღონ.
მოჰსენ რეზაიმ ლიბანურ ტელეკომპანია Al Mayadeen-თან ისაუბრა.
აშშ-ის მხრიდან თავდასხმის მუქარის შეფასებისას რეზაიმ აღნიშნა, რომ შესაძლო იერიშის შემდეგ დაწყებული ომი ხანმოკლე არ იქნება: „თუ ამერიკელები თავდასხმის რაიმე შეცდომას დაუშვებენ, ჩვენ მხოლოდ ახლომდებარე ბაზებით არ შემოვიფარგლებით, არამედ აშშ-ის შორეულ რეგიონებში განთავსებულ ბაზებსაც ამოვიღებთ მიზანში“.
რეზაიმ განაცხადა: „შესაძლოა მიზანში ამოვიღოთ გარკვეული კუნძულები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ ჩვენი რაკეტები ვერ მიაღწევს. ასევე, შესაძლოა მიზანში ამოვიღოთ ევროპის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ზოგიერთი სამხედრო ბაზაც“.
გენერალურმა მდივანმა რეზაიმ აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის ბაზებს მასპინძლობენ, არ უნდა ითანამშრომლონ აშშ-სთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმაში.
რეზაიმ ასევე დასძინა, რომ მათ სურთ შექმნან საერთო გაერთიანება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომელიც ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს.























