ჯიბუტის სანაპიროსთან მომხდარი გემის კატასტროფის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაკარგულად ითვლება.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯიბუტის სანაპიროსთან 305 ადამიანით დატვირთული ნავი გადაბრუნდა.
განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ შემთხვევას 139 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 84 დაკარგულია, ნათქვამია, რომ ჯიბუტის ხელისუფლების წარმომადგენლები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ.
IOM-ის მიერ მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ გადაბრუნებული ნავი ჯიბუტიდან იემენის მიმართულებით 9 ოქტომბრის ღამეს, 305 მგზავრით გავიდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი გემის კატასტროფაა, რომელიც „აღმოსავლეთის მარშრუტზე“ დაფიქსირდა. ეს არის აფრიკის რქის ქვეყნებიდან წამოსული არალეგალი მიგრანტების სახიფათო მიგრაციული გზა, რომლითაც ისინი ადენის ყურის ან წითელი ზღვის გადაკვეთით, იემენის გავლით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.
განცხადებაში მოყვანილია IOM-ის გენერალური დირექტორის, ემი პოუპის კომენტარი: „არავინ ჩაჯდება ასეთ ნავში, თუ არ სჯერა, რომ სხვა უსაფრთხო გზა არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ სიკვდილიანობის ნორმად აღქმა. უსაფრთხო და ლეგალური გზები სიცოცხლეს გადაარჩენს“.
პოუპმა მთავრობებსა და დონორებს მოუწოდა, ვიდრე მომდევნო ნავი ჩაიძირება, მოქმედება დაიწყონ.


















