ალი ლარიჯანი: ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ გამართავს
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ მათ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განსაახლებლად რაიმე ინიციატივა გამოიჩინეს.
ორშაბათს ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანი არ აპირებს აშშ-სთან შეხვედრას და სიცრუე უწოდა მტკიცებებს, თითქოს თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებების აღდგენას ცდილობს.
ლარიჯანი სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირანმა აშშ-სთან დიალოგის დასაწყებად ახალი ნაბიჯები გადადგა.
ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი გამოეხმაურა Al Jazeera-ს რეპორტაჟს (რომელიც ეყრდნობოდა The Wall Street Journal-ს), სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ომანის შუამავლობით ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განახლებას ცდილობდა. მან აღნიშნა: „ჩვენ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“.
სხვა პოსტში ლარიჯანიმ ასევე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს ირანთან დაკავშირებით.
ლარიჯანიმ ტრამპი „ამაო ოცნებებით“ რეგიონის ქაოსში ჩათრევის გამო გააკრიტიკა და განაცხადა: „ის ახლა ამერიკელი ჯარისკაცების კიდევ უფრო დიდი დანაკარგის გამო ნერვიულობს. მან საკუთარი ილუზიებით ლოზუნგი „ჯერ ამერიკა“ აქცია ლოზუნგად „ჯერ ისრაელი“ და ამერიკელი ჯარისკაცები ისრაელის ძალაუფლების წყურვილს შესწირა“.
ლარიჯანიმ ტრამპი ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ ის „ახალი ტყუილებით აიძულებს ამერიკელ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს, საფასური გადაიხადონ“.
შაბათს დაწყებულმა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ ირანის რამდენიმე მაღალჩინოსნის სიკვდილი გამოიწვია, მათ შორის იყო უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი.
თეირანმა ამაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა ყურის ქვეყნებში ამერიკულ ინტერესებზე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით: დაიღუპა აშშ-ის 3 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ხუთი მძიმედ დაიჭრა.