ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა ხუთშაბათს გამოთქვა გაფრთხილება ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს მიერ ჩინეთში მოწინავე ჩიპების გაყიდვის ნებართვასთან დაკავშირებით. მათი მტკიცებით, კომპანიის მხარდაჭერა DeepSeek-ის მიმართ ჩინეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს.
„თუ Nvidia-ს ტექნოლოგია ჩინეთის არმიას აძლიერებს, ეს ინოვაცია კი არა, უსაფრთხოების სფეროში მარცხია. DeepSeek-ის მიერ გამოყენებული Nvidia-ს პროდუქტები მხარს უჭერდა ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელსაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია იყენებს“, - ნათქვამია ჩინეთის საკითხთა სპეციალური კომიტეტის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კალიფორნიაში ბაზირებული Nvidia, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე უზარმაზარი მოთხოვნის გამო, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. თუმცა, კომპანია აღმოჩნდა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სექტორში დომინირებისთვის იბრძვიან.
Nvidia-ს წარმომადგენელმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ჩინეთს „საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის საკმარისზე მეტი ადგილობრივი ჩიპი აქვს, მათ შორის მილიონობით ზედმეტიც, და ჩინეთის არმიის ამერიკულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება ლოგიკას მოკლებულია“. მან ასევე დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის კრიტიკოსები უნებლიეთ უცხოელი კონკურენტების ინტერესებს უჭერენ მხარს.
კომიტეტის პოსტში, რომელიც ორივე პარტიის 23 წევრისგან შედგება, ასევე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლატნიკისადმი გაგზავნილი წერილის ასლი, სადაც ბრალდებების დეტალებია მოცემული.
„კომიტეტისთვის წარდგენილი დოკუმენტები ცხადყოფს, რომ Nvidia-მ გაუწია ყოვლისმომცველი ტექნიკური მხარდაჭერა DeepSeek-ს, რამაც მას საშუალება მისცა მიეღწია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობებისთვის. ეს სისტემები ახლა უკვე ინტეგრირებულია ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სტრუქტურებში და შეიცავს კიბერუსაფრთხოების რისკებს“, - ნათქვამია წერილში.
გასულ წელს, ჩინური DeepSeek-ის დაბალბიუჯეტიანმა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, რომელიც ამერიკული ანალოგების დონისაა, შეცვალა წარმოდგენა იმაზე, რომ ამ სფეროში მხოლოდ აშშ დომინირებს.
კომიტეტის ოთხშაბათის წერილში აღნიშნულია, რომ Nvidia DeepSeek-ს განიხილავს, როგორც „ლეგიტიმურ კომერციულ პარტნიორს, რომელიც იმსახურებს სტანდარტულ ტექნიკურ მხარდაჭერას“. თუმცა, წერილში ნათქვამია, რომ DeepSeek ამერიკელების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს „აშშ-ში მოქმედი ჩინური სამხედრო კომპანიის ინფრასტრუქტურის მეშვეობით“.
წერილში ასევე ნახსენებია „ჯეიმსტაუნის ფონდის“ (Jamestown Foundation) ოქტომბრის ანგარიში. მასში მითითებულია ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის შესყიდვების დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ ჩინეთის არმია იყენებს ადგილობრივ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, მათ შორის DeepSeek-ს, და გეგმავს მათ ინტეგრირებას ყველა ოპერაციაში.
ამერიკელმა კონგრესმენებმა მოუწოდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, „განმარტოს“ თავისი გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ჩინეთში მაღალი ხარისხის H200 მოდელის ჩიპების გაყიდვის ნებართვის შესახებ.
კონგრესმენებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა „აკრძალულმა ბოლო მომხმარებლებმა ვერ მიიღონ ისეთივე წვდომა ტექნოლოგიებზე, როგორიც ჩინეთის არმიამ DeepSeek-ის მეშვეობით მოიპოვა“.











