ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
აშშ-მა და უკრაინამ სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების „განახლებული და დახვეწილი“ პროექტი მოამზადეს
აშშ-უკრაინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პოზიციების შეჯერებისა და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრის კუთხით“.
აშშ-მა და უკრაინამ სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების „განახლებული და დახვეწილი“ პროექტი მოამზადეს
აშშ-მა და უკრაინამ სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების „განახლებული და დახვეწილი“ პროექტი მოამზადეს / Reuters

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-მა და უკრაინამ სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმების „განახლებული და დახვეწილი“ პროექტი შეიმუშავეს.

კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მოჰყვა დელეგაციების შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით ვაშინგტონის უახლესი სამშვიდობო წინადადების განსახილველად, აღნიშნულია: „მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პოზიციების შეჯერებისა და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯის განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომავალმა შეთანხმებამ სრულად უნდა დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და უზრუნველყოს მდგრადი, სამართლიანი მშვიდობა“.

განცხადებაში მოლაპარაკებები შეფასებულია, როგორც „კონსტრუქციული, მიზანმიმართული და პატივისცემით გამსჭვალული“. ხაზგასმულია ორივე მხარის ერთობლივი ვალდებულება გრძელვადიანი შეთანხმების უზრუნველსაყოფად. დელეგაციებმა აღიარეს, რომ კონსულტაციები იყო „უაღრესად ნაყოფიერი“ და აღნიშნეს, რომ განახლებული ჩარჩო-დოკუმენტი ასახავს ბოლო კვირებში მიღწეულ პროგრესს.

მოლაპარაკებებს ესწრებოდა აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფიც შედიოდა. ჟენევაში დელეგაციის წევრად ასევე იმყოფებოდა აშშ-ის არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი. უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდა.

„ურყევი მხარდაჭერა“

ჟენევაში უკრაინის დელეგაციას ასევე შეხვდნენ E3 ქვეყნების (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია) ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.

განცხადებაში უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა „მადლიერება შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ურყევი მხარდაჭერისთვის“ ომის დასრულებისა და შემდგომი მსხვერპლის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

ორივე მთავრობამ განაცხადა, რომ „უახლოეს დღეებში“ გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე და მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მჭიდრო კოორდინაციაში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შემუშავებული ჩარჩო-დოკუმენტის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები მიიღებენ.

28-პუნქტიანი შეთავაზების თანახმად, უკრაინას რუსეთისთვის დამატებითი ტერიტორიების დათმობა, არმიის ზომის შეზღუდვა და ნატოში გაწევრიანების მცდელობაზე ოფიციალურად უარის თქმა მოეთხოვებოდა. ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხის გასაცემად ვადა ხუთშაბათამდე მისცა.

ზელენსკიმ მის წინაშე არსებული რთული არჩევანი აღწერა როგორც „რისკი, დავკარგოთ ღირსება ან დავკარგოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი“.

„ახალი რუსული თავდასხმა“

ამასობაში, ქალაქის მერის ცნობით, ქალაქ ხარკოვზე რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

მერმა იგორ ტერეხოვმა „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, სადაც საღამოს განხორციელებულ იერიშზე საუბრობდა, განაცხადა: „ამ დროისთვის ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა“.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა კი თავდასხმას „მასშტაბური“ უწოდა.

აღმოაჩინეთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჰამასის განიარაღების საკითხში „იმედისმომცემი ნიშნებია“
სამხრეთ კორეამ ჩ. კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ გადაუდებელი გლობალური ქმედებებისკენ მოუწოდა
დასავლეთ იავის პროვინციაში ტაქსის მიერ გამოწვეული მატარებლის კატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიცე-პრეზიდენტი ილმაზი: თურქეთი გლობალური გაურკვევლობის პირობებში საინვესტიციო გარემოს აძლიერებს
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში 14 ადამიანი მოკლა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა
რას სთავაზობს თეირანი აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად?
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მემორიალის გახსნაზე რუსეთს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა
ფიდანმა აშშ-ირანის მოლაპარაკებები ირანელ და პაკისტანელ კოლეგებთან განიხილა
პრეზიდენტის მე-7 საერთაშორისო საიახტო რბოლაზე ეროვნული სუვერენიტეტის თასი დაიწყო
ისრაელელი ჯარისკაცები სამხრეთ ლიბანის სახლებიდან ოქროს ძარცვავენ
ევროკავშირის გაფრთხილება
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისა, ისრაელმა ლიბანზე ახალი თავდასხმები განახორციელა
ანკარამ და ლონდონმა „სტრატეგიული პარტნიორობის“ ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმეს
თურქეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალურ მედიას უკრძალავს
ისრაელმა ლიბანელი ჟურნალისტი ამალ ხალილი მოკლა