აშშ ღაზის აღდგენისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესის განსახილველად სამშვიდობო სამიტს გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევა „სამშვიდობო საბჭოში“ მონაწილეობის შესახებ, თუმცა მისი წესდებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

By
აშშ ღაზის აღდგენისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესის განსახილველად სამშვიდობო სამიტს გამართავს / Reuters

საინფორმაციო პორტალ Axios-ის ცნობით, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ და დიპლომატიურ წყაროებს ეყრდნობოდა, თეთრი სახლი გეგმავს 19 თებერვალს ღაზის „სამშვიდობო საბჭოს“ ლიდერების სამიტს უმასპინძლოს. სამიტის მიზანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპზე გადასვლა და ომით განადგურებულ პალესტინის ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოებისთვის ფონდების მოძიებაა.

Axios-ი ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს: „ეს იქნება სამშვიდობო საბჭოს პირველი შეხვედრა და დონორთა კონფერენცია ღაზის აღსადგენად“.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კონტაქტი ათობით ქვეყანასთან ლიდერების მოსაწვევად და ლოგისტიკური საკითხების განსახილველად.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრა ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

ერთ-ერთმა წყარომ Axios-ს განუცხადა: „ჯერჯერობით არაფერია დადასტურებული, თუმცა აშშ-ის ადმინისტრაცია ამას გეგმავს და უკვე არკვევს, თუ რომელი ლიდერები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას“.

ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 18 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ნეთანიაჰუმ მიიღო ტრამპის მიწვევა საბჭოში ისრაელის გაწევრიანების შესახებ, თუმცა წესდებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

თუ ნეთანიაჰუ სამიტს დაესწრება, ეს იქნება მისი პირველი საჯარო შეხვედრა არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმისა და შემდგომ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

სამიტის გეგმები ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და შესაძლოა შეიცვალოს.

თეთრმა სახლმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.