სტამბოლის აეროპორტი ჟურნალ Conde Nast Traveller-ის ბრიტანული გამოცემის მიერ ორგანიზებული „მკითხველთა რჩეული 2026-ის“ (Readers' Choice Awards 2026) ფარგლებში „მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად“ დასახელდა.
სტამბოლის აეროპორტის ოპერატორი კომპანია İGA-ს განცხადებით, სამოგზაურო ჟურნალის მკითხველთა შეფასებების საფუძველზე შედგენილ სიაში სტამბოლის აეროპორტმა 94,29 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
სტამბოლის აეროპორტმა, რომელიც დაახლოებით 350 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს, სინგაპურის ჩანგის აეროპორტი და დუბაის საერთაშორისო აეროპორტი ჩამოიტოვა და რეიტინგის ლიდერი გახდა.
სიაში 93,92 ქულით მეორე ადგილზე სინგაპურის ჩანგის აეროპორტი გავიდა, ხოლო დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა 93,18 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
სტამბოლის აეროპორტი 2024 და 2025 წლებშიც Conde Nast Traveller-ის აშშ-ის გამოცემის მკითხველთა მიერ მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად დასახელდა.
1909 წელს დაარსებული Conde Nast, რომელიც აერთიანებს ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა Vogue, The New Yorker, GQ, Vanity Fair და Wired, ბეჭდური გამოცემების, ციფრული პლატფორმებისა და სოციალური მედიის მეშვეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს წვდება.




















