ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ფარულ ბირთვულ გამოცდებს ატარებენ

აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება გაკეთდა სამი დღის შემდეგ, რაც მან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ბირთვული იარაღის ტესტირების განახლების ბრძანება გასცა.

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ფარულ ბირთვულ გამოცდებს ატარებენ / Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბირთვულ იარაღს ცდის და დასძინა, რომ რუსეთი და ჩინეთიც ატარებენ საიდუმლო ტესტებს. ტრამპის ეს განცხადება გაკეთდა CBS News-ის გადაცემა „60 წუთში“ მიცემულ ინტერვიუში.

როდესაც წამყვანმა ნორა ო'დონელმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ იარაღს ცდის, ტრამპმა მას შეაწყვეტინა და თქვა: „რუსეთი ატარებს ტესტებს, ჩინეთი ატარებს ტესტებს, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს“. ტრამპის ეს განცხადებები გაკეთდა სამი დღის შემდეგ, რაც მან ამერიკელ სამხედროებს ბირთვული იარაღის ტესტების განახლების ბრძანება მისცა, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ.

„სხვა ქვეყნები ატარებენ ტესტებს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ტესტებს არ ატარებს და მე არ მინდა ვიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს ტესტებს“, - განაცხადა ტრამპმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “დაზუსტებით შეუძლებელია“ იმის ცოდნა, თუ სად ატარებენ ეს ქვეყნები თავიანთ იარაღის ტესტებს.

„უზარმაზარი ბირთვული ძალა“

ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იარაღი უნდა გამოიცადოს იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მუშაობს. „ეს ხომ ლოგიკურია? თქვენ აკეთებთ ბირთვულ იარაღს, შემდეგ არ ატარებთ ტესტებს. როგორ გააკეთებთ ამას? როგორ გეცოდინებათ, მუშაობს თუ არა?“ - დაამატა მან.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს „უზარმაზარი ბირთვული ძალა“ და ეს ძალა „ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტია“. „რუსეთი მეორე ადგილზეა. ჩინეთი მესამეზეა, ძალიან ჩამორჩება, მაგრამ ხუთ წელიწადში ისინი თანაბარი იქნებიან. თქვენ იცით, ისინი სწრაფად აწარმოებენ და ვფიქრობ, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ ბირთვული განიარაღების შესახებ... ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი მსოფლიოს 150-ჯერ გასანადგურებლად. რუსეთსაც აქვს ბევრი ბირთვული იარაღი, ჩინეთს კი ბევრი ექნება“, - განაცხადა ტრამპმა.