ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 3 წუთი
პაკისტანმა ქაშმირის თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების კომიტეტი მოიწვია
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ დიპლომატიური ზომები მიიღო. პაკისტანი აცხადებს, რომ ეს თავდასხმა შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაცია იყოს.
პაკისტანმა ქაშმირის თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების კომიტეტი მოიწვია
Pakistan denies India charges of sponsoring terrorism. / AP
24 აპრილი 2025

პაკისტანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ინდოეთის მიერ სადავო ქაშმირის შტატში მომხდარი სასიკვდილო თავდასხმის გამო მის წინააღმდეგ გადადგმულ დიპლომატიურ ნაბიჯებზე საპასუხოდ, იშვიათად მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას გამართავს.

ვიცე პრემიერმა და ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისჰაკ დარმა, განაცხადა, რომ სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც მხოლოდ საგარეო საფრთხეების ან დიდი ტერორისტული თავდასხმების შემთხვევაში იკრიბება, ხუთშაბათს შეიკრიბება.

ეს განცხადება მოჰყვა ინდოეთის მიერ ოთხშაბათს პაკისტანის „ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის მხარდაჭერაში“ დადანაშაულებას და, მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, მთელი რიგი დიპლომატიური ზომების მიღებას. ინდოეთმა ეს ბრალდება წამოაყენა მის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტებზე მომხდარი სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ.

ამ თავდასხმამ, რომელიც სავარაუდოდ აჯანყებულებმა განახორციელეს, ბირთვული იარაღის მქონე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. ექსპერტები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ნიუ დელის დიპლომატიური ნაბიჯი შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი იყოს და სამხედრო მოქმედებების რისკი კვლავ არსებობს.

ინდოეთის მიერ მიღებულ ზომებს შორის არის წყლის გაზიარების შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმების შეჩერება და მთავარი სახმელეთო სასაზღვრო პუნქტის დახურვა. ინდოეთმა ეს ზომები მას შემდეგ აამოქმედა, რაც ინდოეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ქაშმირის პაჰალგამის რაიონში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს და 26 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთაგან, ერთი ნეპალის მოქალაქის გარდა, ყველა ინდოეთის მოქალაქე იყო. თავდასხმა ჰიმალაის რეგიონში ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სამოქალაქო პირებზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა იყო.

სამშაბათს მომხდარი თავდასხმა ჰიმალაის მთებში მდებარე ქალაქ პაჰალგამში მოხდა, რომელიც პოპულარულია ინდოელ ვიზიტორებს შორის.

ეჭვმიტანილი აჯანყებულების ძებნა მიმდინარეობს

ინდოეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ თავდასხმა აჯანყებულების მიერ იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ინდოელმა ჯარისკაცებმა კი ოთხშაბათს თავდამსხმელების ძებნა განაგრძეს.

რეგიონში ათიათასობით პოლიციელი და ჯარისკაცი გაიგზავნა და დამატებითი საგუშაგოები მოეწყო. უსაფრთხოების ძალები ამოწმებდნენ მანქანებს და ტყიან მთებში ვერტმფრენებით აწარმოებდნენ ძებნას. ზოგიერთ რაიონში კი ყოფილი აჯანყებულები დაკითხვაზე პოლიციის განყოფილებებში დაიბარეს.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ინდოეთის პოლიციამ სამშაბათის თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, ჯამუსა და ქაშმირის მასშტაბით სულ მცირე 1500 ადამიანი დააკავა.

აქამდე უცნობმა აჯანყებულთა დაჯგუფებამ, „ქაშმირის წინააღმდეგობამ“, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ პრობლემურ რეგიონში 85 ათასზე მეტი „უცხოელი“ ჩაასახლა და რომ სამშაბათს სამიზნეები იყვნენ არა „ჩვეულებრივი ტურისტები“, არამედ „ინდოეთის უსაფრთხოების სტრუქტურებთან დაკავშირებული და კავშირში მყოფი“ პირები.

დაჯგუფების გზავნილები დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ჯერ არ არის დადასტურებული.

პაკისტანის ვიცე პრემიერმა და ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისჰაკ დარმა, განაცხადა, რომ პაკისტანი თავდასხმას ინდოეთის მემარჯვენე მთავრობის მიერ ორგანიზებულ „ცრუ დროშის“ ოპერაციად აფასებს და ინდოეთის ზომებს „საპასუხო ზომებით“ უპასუხებს.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა, მომხდარი „ცრუ დროშის ოპერაციად“ შეაფასა.

პაკისტანურ მედიასთან საუბრისას ასიფმა თქვა: „ჩვენ ამას ვერასდროს უგულებელვყოფთ, [რომ ეს „ცრუ დროშის“ ოპერაციაა] ამის შესაძლებლობა ყოველთვის იარსებებს.“

ქაშმირის საკითხი

ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში აჯანყებულები 1989 წლიდან ებრძვიან ნიუ დელის მმართველობას. ბევრი მუსლიმი ქაშმირელი ითხოვს რეგიონის ან პაკისტანის მმართველობის ქვეშ გაერთიანებას, ან დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბებას.

ინდოეთი ქაშმირის აჯანყებას „პაკისტანის მიერ მხარდაჭერილ ტერორიზმად“ აფასებს. პაკისტანი ამ ბრალდებას უარყოფს, ხოლო ბევრი ქაშმირელი ამ მოძრაობას ლეგიტიმურ თავისუფლებისთვის ბრძოლად მიიჩნევს. რეგიონში აქამდე მომხდარ შეტაკებებს ათიათასობით სამოქალაქო პირი, აჯანყებული და სამთავრობო უსაფრთხოების პერსონალი ემსხვერპლა.

აღინიშნება, რომ ქაშმირის ხეობაში, რომელიც ანტი-ინდური აჯანყების ცენტრია, ძალადობა ბოლო დროს შემცირდა.

სამთავრობო ძალებსა და აჯანყებულებს შორის შეტაკებებმა ძირითადად ჯამუს რეგიონის ისეთ შორეულ რაიონებში გადაინაცვლა, როგორიცაა რაჯური, პუნჩი და კათუა. ინდოეთის უსაფრთხოების ძალები ამ რეგიონებში სასიკვდილო თავდასხმების წინაშე აღმოჩნდნენ.

აღმოაჩინეთ
ენერგოკრიზისის შიშის ფონზე, ირანი ნავთობის ინფრასტრუქტურას ისევ უტევს
რუსეთმა განაცხადა, რომ ირანის ქალაქ ისპაჰანში რუსეთის საკონსულო თავდასხმების შედეგად დაზიანდა
პოლიციის განცხადებით შვეიცარიის დასავლეთით ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აფრთხილებს: აშშ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს გამოწვევას უქმნის
აზერბაიჯანი რეგიონული დაძაბულობის ფონზე ირანს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
თურქეთისა და კატარის თავდაცვის მინისტრებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოება განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ირანს: „თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია“
ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე თურქეთი საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად Patriot-ის სისტემას ამზადებს
ჰალკბანკი და აშშ შეთანხმდნენ გარიგებაზე, რომელმაც შესაძლოა მრავალწლიანი სასამართლო დავები დაასრულოს
ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: „ომის დასასრულს ჩვენ განვსაზღვრავთ“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-თან მოლაპარაკებები "ძალიან მწარე გამოცდილების" შემდეგ უარყო
ერდოღანი პეზეშკიანს: „რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა გაუმართლებელია“
ირანიდან თურქეთისკენ მომავალი ბალისტიკური რაკეტა განადგურებულია
ბელგიაში აფეთქების შედეგად სინაგოგა დაზიანდა, არავინ დაშავებულა
თურქეთმა კვიპროსში 6 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი და თავდაცვის სისტემები განათავსა