იაპონიაში ბოლო წლების უდიდეს ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 170 შენობა დაზიანდა
დამწვარი შენობების რაოდენობა და ტერიტორიის მასშტაბები იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხანძარი 1976 წლის საკატას ხანძრის შემდეგ ყველაზე დიდია ქვეყანაში.
იაპონიის სამხრეთ სანაპირო ქალაქში გაჩენილი ხანძრის შედეგად 170-ზე მეტი შენობა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამხედრო და სახანძრო ვერტმფრენები მობილიზებული იქნა ქვეყნის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უდიდესი ურბანული ხანძრის ჩასაქრობად.
„ოთხშაბათს გავრცელებულ საჰაერო კადრებში ჩანს დანგრეული სახლები და კვამლის მკვრივი სვეტები ოიტას საგანოსეკის რაიონში, რომელიც გადაჰყურებს სათევზაო პორტს, ცნობილს მაღალი ხარისხის სეკის სკუმბრიით.“
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მიმდებარე ტყიან ფერდობებზე და სანაპიროდან კილომეტრზე მეტი დაშორებით მდებარე უკაცრიელ კუნძულზეც გავრცელდა.
იაპონიის ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ხანძარი სამშაბათს საღამოს დაიწყო და დაახლოებით 48 900 კვადრატული მეტრი ტერიტორია — თითქმის შვიდი საფეხბურთო მოედნის ზომის — გაანადგურა; ტოკიოს სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 770 კმ-ში მდებარე რეგიონში მცხოვრები 175 ადამიანი იძულებული გახდა თავშესაფარში შეეფარებინა თავი.
ადგილობრივი მედია, პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა; ასევე, 50 წლამდე ასაკის ქალი მცირე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ X-ზე დაწერა, რომ გულწრფელ თანადგომას უცხადებს ყველა მაცხოვრებელს, ვისაც სიცივეში ევაკუაცია მოუწია და დასძინა: „მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით“.
Kyushu Electric Company-ის ცნობით, ხანძარმა რეგიონში დაახლოებით 300 სახლს შეუწყვიტა ელექტროენერგია.
დაზარალებული შენობების რაოდენობა და ხანძრის მიერ დაფარული ტერიტორია, მიწისძვრებით გამოწვეული მოვლენების გამოკლებით, 1976 წელს საკატაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ იაპონიის უდიდეს ურბანულ ხანძრად ითვლება.
2016 წელს იტოიგავაში გაჩენილმა ხანძარმა 147 შენობა და დაახლოებით 40 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია გაანადგურა, თუმცა ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.