რუსეთი ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის ძალისხმევის ჩაშლაში, რომელიც უკრაინის საკითხს ეხება
მაშინ, როცა აშშ-ის წარმომადგენლები რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ევროპამ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპელი პოლიტიკოსები და ევროპული მედია აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს რადიო „Sputnik“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპის მხრიდან განმეორებითი „საინფორმაციო თავდასხმები“ კონფლიქტის „პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის“ ჩაშლას ისახავს მიზნად.
ორშაბათს აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა აბუ-დაბიში რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა და მოლაპარაკებების ახალ რაუნდს უხელმძღვანელა.
დრისკოლი ასევე შეხვდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, რათა განეხილათ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც შეაჩერებს მიმდინარე კონფლიქტს.
ეს შეხვედრები მოჰყვა ჟენევაში გამართულ შაბათ-კვირის მოლაპარაკებებს, სადაც აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სადავო 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის რედაქტირება მოახდინეს.
თავდაპირველი ვერსია, რომელიც მიჩნეული იყო რუსეთის სასარგებლოდ, შეიცვალა წინადადებით, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ძირითად წუხილებს და შეფასებულია, როგორც უფრო დაბალანსებული.
პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს პლატფორმა, Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი: „სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, მე გავეცი ბრძანება, რომ ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს შეხვდეს, ხოლო არმიის მდივანი დენ დრისკოლი - უკრაინელებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში „მხოლოდ რამდენიმე სადავო საკითხი დარჩა“.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „უზარმაზარი პროგრესი“ იქნა მიღწეული, თუმცა გააფრთხილა მხარეები, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გაფორმებამდე საჭიროა მგრძნობიარე დეტალების მოგვარება.
თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საკითხს სკეპტიკურად მიუდგა და განაცხადა, რომ მოსკოვს „არ გააჩნია აშკარა განზრახვა“, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა შესწორებული გეგმის ფარგლებში.