სომხეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ 5-წლიან გეგმაში შევიდა აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობის განმტკიცება, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და საზღვრების გახსნა.
„Armenpress“-ის ინფორმაციით, გამოქვეყნდა 2026-2031 წლების პროგრამა, რომელიც ივნისის არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის „ნამდვილი სომხეთის“ კონცეფციას ეფუძნება.
პროგრამაში მოსალოდნელ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ შედეგებს შორის მოხვდა ისეთი პუნქტები, როგორიცაა აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობის განმტკიცება და მისი უფრო მაღალ დონეზე ინსტიტუციონალიზაცია, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზება.
საგარეო პოლიტიკაში ბაქოსა და ანკარასთან ნორმალიზება
პროგრამის საგარეო პოლიტიკის ნაწილში გაჟღერდა გზავნილი, რომ სომხეთი გააგრძელებს „დაბალანსებული და დამაბალანსებელი საგარეო პოლიტიკის“ ხაზს.
პროგრამაში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოსთან, ირანთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, ასახულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ბაქოსთან დამყარებული მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია და დელიმიტაციის პროცესი, ორ ქვეყანას შორის პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის ხელმოწერა, ორმხრივი ვაჭრობის განვითარება და საზღვრებთან დაკავშირებული პუნქტები.
პროგრამაში ხაზგასმულია თურქეთთან ნორმალიზაციის პროცესის წინსვლა და აღნიშნულია, რომ განხორციელდება სამუშაოები დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად, საზღვრის გასახსნელად და „მინიმუმ 2 თანამედროვე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის“ ასამოქმედებლად, ასევე მიზნად ისახება პროგრესის მიღწევა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული ინფრასტრუქტურა.
პროგრამაში ასევე აღინიშნა, რომ ანკარასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ვაჭრობის წახალისების მიმართულებით სამუშაოები განხორციელდება.
ფაშინიანის ლიდერობით მოქმედმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ივნისის არჩევნებში ხმების 49,74% მიიღო და პარლამენტში კიდევ ერთი ვადით მოიპოვა უმრავლესობა და მთავრობის ფორმირების უფლება.























