უკრაინამ, რუსული ძალების წინსვლის ფონზე, ფრონტის ორ რეგიონში ბავშვების ევაკუაციის ბრძანება გასცა

2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა

By
უკრაინამ, რუსული ძალების წინსვლის ფონზე, ფრონტის ორ რეგიონში ბავშვების ევაკუაციის ბრძანება გასცა / Reuters

უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ათასობით ბავშვისა და მათი ოჯახების ევაკუაციის შესახებ ფრონტის ხაზზე მდებარე ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან, სადაც რუსული ძალები წინ მიიწევენ.

უკრაინის რეკონსტრუქციის მინისტრმა, ოლექსი კულებამ პარასკევს Telegram-ის მეშვეობით განაცხადა: „უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, მიღებულია გადაწყვეტილება ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტისპირა 44 დასახლებული პუნქტიდან 3 000-ზე მეტი ბავშვისა და მათი მშობლების სავალდებულო ევაკუაციის შესახებ“.

კულებამ აღნიშნა, რომ ევაკუაცია ასევე გრძელდება ჩერნიგოვის ოლქშიც, რომელიც მოსკოვის მოკავშირე ბელარუსის საზღვართან მდებარეობს და რუსული დაბომბვების სამიზნეა.

მინისტრის თქმით, 1 ივნისიდან მოყოლებული, ფრონტისპირა რეგიონებიდან უფრო უსაფრთხო ადგილებში სულ 150 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა; მათ შორის არის დაახლოებით 18 000 ბავშვი და 5 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

რუსეთი აგრძელებს წინსვლას უკრაინის ერთ-ერთ ინდუსტრიულ რეგიონში — დნეპროპეტროვსკში. სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის წინსვლა აღმოსავლეთთან შედარებით უფრო შეზღუდულია, თუმცა ბოლო თვეებში მან ტემპი აკრიფა.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში ორივე რეგიონში ახალი დასახლებული პუნქტები დაიკავა. რუსეთმა 2022 წლის სექტემბერში ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა, თუმცა მას არ განუცხადებია, რომ ამ ტერიტორიებზე სრულ სამხედრო კონტროლს ფლობს.