პორტუგალიაში საჯარო სექტორის თანამშრომლები ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 24-საათიან გაფიცვაზე გავიდნენ.
საჯარო სამსახურებისა და დაწესებულებების მუშაკთა ეროვნული პროფკავშირის (STTS) მოწოდებით შუაღამისას დაწყებული გაფიცვა მოიცავს ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისა და საჯარო სექტორის კომპანიების თანამშრომლებს.
გაფიცვამ განსაკუთრებით განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები დააზარალა, ამასთან, სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი სასამართლოებშიც.
პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბევრმა სკოლამ მშობლებს წინასწარ შეატყობინა, რომ გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში არ ჩატარდებოდა, ხოლო საავადმყოფოებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა დაგეგმილი ოპერაციები და მიღებები გადაიდოს, შეფერხდეს ან გაუქმდეს.
STTS-ის გენერალურმა მდივანმა მატილდე პერეირამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გაფიცვაში მონაწილეობის მაჩვენებლის 80-დან 90 პროცენტამდე ყოფნას ელის.
მეორე მხრივ, პორტუგალიაში მოქმედმა პროფკავშირებმა გაიმეორეს თავიანთი მოწოდება, რომ ქვეყანაში არსებული საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად 14 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გაიმართოს.
























