ევროკავშირი ღაზის საზღვრის მონიტორინგის მისიას განაახლებს

27-წევრიანმა ბლოკმა 2005 წელს შექმნა სამოქალაქო სამუშაო ჯგუფი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის მონიტორინგისთვის, მაგრამ ეს მისია ორი წლის შემდეგ შეჩერდა.

ევროკავშირი ღაზის საზღვრის მონიტორინგის მისიას განაახლებს / AP

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბლოკი ოთხშაბათიდან განაახლებს სამოქალაქო სამუშაო ჯგუფს ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის მონიტორინგისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდასაჭერად.

კალასმა, მას შემდეგ რაც ჰამასმა შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლა ისრაელელი მძევლების პირველი ჯგუფი, X პლატფორმაზე დაწერა: „ევროკავშირი მზად არის შეასრულოს თავისი წილი. ამ მისიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერაში.“

27-წევრიანმა ბლოკმა 2005 წელს შექმნა სამოქალაქო სამუშაო ჯგუფი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის მონიტორინგისთვის, მაგრამ ეს მისია შეჩერდა ორი წლის შემდეგ, რაც პალესტინის წინააღმდეგობის ორგანიზაციამ ჰამასმა ღაზაზე კონტროლი დაამყარა.

ევროკავშირის საზღვრის დახმარების მისია (EUBAM) მიზნად ისახავს უზრუნველყოს ნეიტრალური, მესამე მხარის არსებობა საკვანძო სასაზღვრო პუნქტზე. მისია მოიცავს საპოლიციო ძალებს იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან.

ეს მისია მოკლედ განახლდა იანვარში, მაგრამ მარტში ისევ შეჩერდა.

ორშაბათს მძევლების გათავისუფლების მისასალმებლად, კალასმა ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის როლს „მშვიდობისკენ მიმავალ კრიტიკულ მომენტში“ და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „ეს გარღვევა შესაძლებელი გახადა“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ ღაზის სამიტი, რომელიც ორშაბათს შარმ ელ-შეიხში გაიმართა და ომის დასრულების შეთანხმებას მიაღწია, „ისტორიული გარღვევაა“.

„ბლოკი სრულად უჭერს მხარს აშშ-ის, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო გეგმას“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

„ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ გეგმის წარმატებას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ისინი წვლილს შეიტანენ „პალესტინის ხელისუფლებათა ადმინისტრირებისა და რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერის“ ჩათვლით.

ევროკავშირს შარმ ელ-შეიხში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა წარმოადგენს.