ავსტრია სახლს, სადაც ჰიტლერი დაიბადა, დისკუსიების ფონზე პოლიციის განყოფილებად აქცევს
ავსტრია, სახლს, სადც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილებად გარდაქმნის; ამ ნაბიჯმა ჰოლოკოსტზე პასუხისმგებლობისა და ულტრამემარჯვენეობის შესახებ დისკუსიები ხელახლა გააღვივა და საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია.
სახლის, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილებად გადაქცევამ მის მშობლიურ ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში (ავსტრია) არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.
გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქში, სახლის წინ მყოფმა 53 წლის ოფისის ასისტენტმა სიბილ ტრაიბლმაიერმა თქვა: „ეს ორლესული ხმალია“. მან AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ულტრამემარჯვენეების შეკრებას ამ ტერიტორიაზე, თუმცა შენობა „უფრო კარგად ან სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული“.
მთავრობის მიზანია ამ ადგილის „ნეიტრალიზება“, რისთვისაც 2016 წელს მიიღეს კანონი დანგრევის პირას მყოფი შენობის კერძო მფლობელისგან ჩამორთმევის შესახებ. ავსტრია, რომელიც 1938 წელს ჰიტლერის გერმანიამ მიიერთა, წარსულში ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი იმის გამო, რომ ჰოლოკოსტში საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად არ აღიარებდა. ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“, რომელიც ყოფილმა ნაცისტებმა დააარსეს, 2024 წლის ეროვნულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, თუმცა გამოკითხვებში კვლავ ლიდერობს. გასულ წელს, აქტივისტების მრავალწლიანი საჩივრების შემდეგ, ბრაუნაუ-ამ-ინში ნაცისტების პატივსაცემად დარქმეული ორი ქუჩის სახელი შეიცვალა.
„პრობლემური“
სახლი, სადაც ჰიტლერი 1889 წლის 20 აპრილს დაიბადა და ბავშვობის მცირე პერიოდი გაატარა, ქალაქის ცენტრში, მაღაზიებით გარშემორტყმულ ვიწრო ქუჩაზე მდებარეობს. სახლის წინ მდებარე მემორიალურ ქვაზე წერია: „მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ფაშიზმი აღარასოდეს. მილიონობით დაღუპული გვაფრთხილებს“.
ამ კვირაში AFP-ის ვიზიტისას ჩანდა, რომ მუშები განახლებულ ფასადზე ბოლო შტრიხებს ასრულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციელების შენობაში შესვლა „2026 წლის მეორე კვარტალშია“ დაგეგმილი.
თუმცა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა წარმომადგენლობითი ავსტრიის მაუტჰაუზენის კომიტეტის წევრის, მწერალ ლუდვიგ ლაჰერის თქმით, „პოლიციის განყოფილების განთავსება პრობლემურია, რადგან ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში პოლიცია ვალდებულია დაიცვას ის, რაც სახელმწიფოს სურს“. ლაჰერმა გაიხსენა, რომ შენობის იმგვარ ადგილად გარდაქმნას, სადაც ადამიანები მშვიდობის მშენებლობაზე იმსჯელებდნენ, ადრე „დიდი მხარდაჭერა ჰქონდა“.
34 წლის მაღაზიის მფლობელმა და ბრაუნაუს მკვიდრმა, ჟასმინ შტადლერმა აღნიშნა, რომ შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო ჰიტლერის ამ სახლში დაბადების „ისტორიულ კონტექსტში“ მოქცევა და სახლის შესახებ მეტი განმარტების გაკეთება. შტადლერმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა რეკონსტრუქციის 20 მილიონი ევროს (24 მილიონი დოლარი) ღირებულება.
„ცოტაოდენი სიმშვიდე“
მიუხედავად ამისა, შენობის ხელახალ დიზაინს მხარდამჭერებიც ჰყავს. წლების წინ შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ნაქირავები და სანამ მოუვლელი დარჩებოდა, იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრი ფუნქციონირებდა. 57 წლის ელექტროინჟინერმა ვოლფგანგ ლაიტნერმა თქვა, რომ პოლიციის განყოფილებად გარდაქმნა „ცოტაოდენ სიმშვიდეს მოიტანს“ იმით, რომ ხელს შეუშლის ამ ადგილის ულტრამემარჯვენეებისთვის „სალოცავად“ გადაქცევას: „გონივრულია შენობის გამოყენება და მისი სახელმწიფო უწყებებისთვის, პოლიციისთვის გადაცემა“.
ბრაუნაუს კონსერვატიულმა მერიამ AFP-ის კომენტარის თხოვნაზე უარი თქვა.
მთელ ავსტრიაში არაერთხელ გამწვავდა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუსწოროს თვალი ქვეყანამ ჰოლოკოსტის ისტორიას. ნაცისტური მმართველობის დროს დაახლოებით 65 000 ავსტრიელი ებრაელი მოკლეს, 130 000 კი იძულებით გადაასახლეს.