ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სტამბოლის მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა რუსეთთან განიხილოს „ნებისმიერი წინადადება, რომელიც დააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტას და გზას გაუხსნის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით, მისი აზრით, „სასარგებლო იქნება სტამბოლის პროცესის ამოქმედება უფრო ფართო შინაარსით, რათა გადაიჭრას ის პრობლემები, რომლებმაც უკვე მწვავე ხასიათი მიიღო“.
ოთხშაბათს ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელობას ომის დასრულების საქმეში და განაცხადა: „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვჯერა, სტამბოლის მოლაპარაკებები დიპლომატიური გადაწყვეტის მცდელობებში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ომის გამომფიტავი ეფექტი ორივე მხარისთვის სულ უფრო ღრმავდება“.
ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა მზადაა რუსეთთან განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის დაჩქარებას და საფუძველს მოამზადებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
თურქეთმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ყველა მხარე, რომელსაც რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისღვრის შეჩერება სურს, სტამბოლის პროცესის მიმართ კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს.
თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა
თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წლის ბოლომდე რუსეთთან სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესის აღდგენას იმედოვნებს.
უკრაინის ლიდერმა დაამატა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინა თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას ენდობა: „რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრეთ დიპლომატიაზე. ახლა ბევრი პროცესი უფრო გააქტიურდა და ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ ყველა ქმედება, პირველ რიგში, მშვიდობისკენ იყოს მიმართული“.