როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ (Xinhua) ოთხშაბათს იტყობინება, ჩინეთმა მზიდი რაკეტა Zhuque-2E Y4-ის გამოყენებით 10 თანამგზავრი წარმატებით გაუშვა. აქედან რვა თანამგზავრი ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი შესაძლებლობების გასავითარებლად არის შექმნილი.
„სინხუას“ ცნობით, რაკეტა ადგილობრივი დროით 19:40 საათზე (11:40 GMT) ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე დუნფენის კომერციული კოსმოსური ინოვაციების საპილოტე ზონიდან აფრინდა და ათივე თანამგზავრი დაგეგმილ ორბიტაზე გაიყვანა.
რვა თანამგზავრი ჩინური კომერციული საავიაციო და კოსმოსური კომპანია ADAspace-ის მიერ შემუშავებული პროექტის, „Star Compute“-ის მეორე ჯგუფს ეკუთვნის.
„განთიად-შებინდების“ (dawn-dusk) ორბიტებზე სამუშაოდ შექმნილი ეს თანამგზავრები აღჭურვილია მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემებით, ლაზერული კავშირის აპარატურითა და დაბალი განათების პირობებისადმი მგრძნობიარე კამერებით.
თანამგზავრები გამოცდის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა 10 000 ვატის სიმძლავრის სითხოვანი გაგრილების სისტემები, გაფართოებადი გაგრილების სტრუქტურები, კოსმოსური ლაზერული საკომუნიკაციო ქსელები და უშუალოდ ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის საბაზისო მოდელების სწავლება.
ADAspace-მა განაცხადა, რომ ეს მისია დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებასა და კომერციულ გამოყენებას კოსმოსური გამოთვლების სფეროში.
ორბიტალური ხელოვნური ინტელექტის ქსელის გეგმები
კომპანია მიზნად ისახავს ორბიტაზე 2 800 გამოთვლითი თანამგზავრისგან შემდგარი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნას.
პირველი 12 თანამგზავრისგან შემდგარი ჯგუფი 2025 წლის მაისში გაუშვეს. ADAspace-მა იანვარში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ Alibaba-ს Qwen3 ხელოვნური ინტელექტის მოდელის ორბიტალურ გამოთვლით ქსელში ინტეგრირებით უზრუნველყო ხელოვნური ინტელექტის ოპერაციების უშუალოდ კოსმოსში განხორციელება.
კომპანია 2030 წლისთვის 1 000 თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის შექმნას, ხოლო 2035 წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური თანამგზავრული ქსელის დასრულებას გეგმავს.




















