FBI-ის ცნობით, აგვისტოდან მოყოლებული „სხვადასხვა ბოროტი განზრახვის მქონე კიბერაქტორმა ARTEX-ი გამოიყენა მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანიების საწარმოებლად მრავალ სფეროში, ფინანსური მომსახურების, საჯარო, ტექნოლოგიური, თავდაცვის, ნახევარგამტარების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, წარმოების, ტელეკომუნიკაციებისა და იურიდიული სექტორების ჩათვლით“.
გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ბოროტი განზრახვის მქონე აქტორებს თავდასხმების უფრო სწრაფად განხორციელების საშუალება მისცეს.
გაფრთხილების ტექსტში ნათქვამია: „ARTEX-ი მნიშვნელოვნად ამცირებს თავდასხმის ტექნიკების ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭირო დროს და შეღწევის ზოგიერთი მცდელობა პირველადი დამიზნებიდან პრივილეგირებულ წვდომამდე სამ საათზე ნაკლებ დროში ვითარდება“.
ბოლოდროინდელ კიბერშეფერხებებთან კავშირი არ იკვეთება
რამოდენიმე ხნის წინ სამხრეთ კორეის ფინანსური ინსტიტუტებიც გახდნენ ARTEX-ით განხორციელებული თავდასხმების სამიზნე.
FBI-ის ოფიციალური პირის თქმით, ARTEX-ის ბოროტად გამოყენებას, როგორც ჩანს, არანაირი კავშირი არ აქვს ბოლო დღეებში წარმოქმნილ კიბერპრობლემებთან, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა ქსელში არსებულ პრობლემებთან, JPMorgan Chase-თან დაკავშირებულ საბანკო შეფერხებებთან, Optimizely-ის მეშვეობით დაფიქსირებულ ვებსაიტებზე მავნე პროგრამების თავდასხმებთან, იმ განახლებასთან, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ფრენების შეჩერება გამოიწვია, და Microsoft Outlook-ის შეფერხებასთან.
FBI-მ ხაზი გაუსვა, რომ მისი გაფრთხილება ახალი განცხადება არ არის.
უწყებამ სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ეს გაფრთხილება გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ, რადგან წლის ბოლოს მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა თავი დაიცვან კრიმინალებისა და სახელმწიფო აქტორებისგან, რომლებიც ცნობილი ტექნიკების მანქანური სისწრაფით განსახორციელებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ“.























