აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი საპროექტო წინადადება, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებაა, კიევში ოფიციალურ პირებს წარედგინათ.
პროექტი, რომელზეც ვაშინგტონი და მოსკოვი ერთად მუშაობდნენ, რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს გვთავაზობს, რაც ითვალისწინებს უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიების დათმობას, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და სხვა მსგავს მოთხოვნებს.
ტრამპის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო პროექტის პირობებია:
1. დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი.
2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის გაფორმდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. ამით ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული ყველა გაურკვევლობა გადაჭრილად ჩაითვლება.
3. გათვალისწინებულია, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს მეზობელ ქვეყნებს და ნატო აღარ გაფართოვდება.
4. გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობით მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გასაზრდელად, უსაფრთხოების ყველა საკითხის გადაჭრისა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, აშშ-ის შუამავლობით გაიმართება დიალოგი რუსეთსა და ნატოს შორის.
5. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.
6. უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა შეიზღუდება 600,000 მოსამსახურით.
7. უკრაინა დათანხმდება ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერას, რომ არ გაწევრიანდება ნატოში, ხოლო ნატო დათანხმდება თავის წესდებაში დებულების შეტანას, რომ უკრაინა მომავალში არ იქნება მიღებული ალიანსში.
8. ნატო დათანხმდება, რომ არ განათავსებს ჯარებს უკრაინაში.
9. ევროპული საბრძოლო თვითმფრინავები განლაგდება პოლონეთში.
10. აშშ იძლევა შემდეგ გარანტიებს:
- აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიისთვის.
- თუ უკრაინა თავს დაესხმება რუსეთს, ის დაკარგავს ამ გარანტიას.
- თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ის წააწყდება მკაფიო და კოორდინირებულ სამხედრო პასუხს; გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ აღდგება ყველა გლობალური სანქცია; გაუქმდება ახალი ტერიტორიების აღიარება და ამ შეთანხმებიდან მიღებული სხვა სარგებელი.
- თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტებს მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტია ბათილად ჩაითვლება.
11. უკრაინა მიიჩნევა ევროკავშირის წევრობისთვის შესაფერისად და ამ საკითხის განხილვის პარალელურად, მოკლე ვადებში უზრუნველყოფილი იქნება მისი წვდომა ევროპულ ბაზარზე.
12. უკრაინის აღდგენისთვის შეიქმნება ძლიერი გლობალური პაკეტი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგს:
- შეიქმნება უკრაინის განვითარების ფონდი ინვესტიციებისთვის სწრაფად მზარდ სექტორებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში.
- აშშ ითანამშრომლებს უკრაინასთან გაზის ინფრასტრუქტურის (მათ შორის მილსადენებისა და საცავების) ერთობლივი აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით.
- გაერთიანდება ძალისხმევა ომით დაზარალებული რეგიონების შესაკეთებლად, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების რესტავრაციის, აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის.
- განხორციელდება ინფრასტრუქტურის განვითარება.
- განხორციელდება მინერალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება.
- მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს სპეციალურ საფინანსო პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად.
13. მოხდება რუსეთის რეინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში:
- სანქციების მოხსნა განიხილება და გადაწყდება ეტაპობრივად, ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით.
- აშშ გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ორმხრივი განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ცენტრები, იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვება არქტიკაში და სხვა ორმხრივად მომგებიანი კორპორატიული შესაძლებლობები.
- რუსეთს კვლავ მიიწვევენ G8-ში.
14. გაყინული ფონდები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად:
- გაყინული რუსული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი გადაირიცხება აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე უკრაინის აღდგენისა და ინვესტირების ღონისძიებებში.
- აშშ მიიღებს ამ ინიციატივის მოგების 50%-ს. ევროპა შეიტანს 100 მილიარდ დოლარს უკრაინის აღდგენისთვის განკუთვნილი საინვესტიციო თანხის გასაზრდელად. ევროპაში არსებული გაყინული ფონდები გათავისუფლდება.
- დარჩენილი გაყინული რუსული ფონდები დაბანდდება ცალკეულ აშშ-რუსულ საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც განახორციელებს ერთობლივ პროექტებს კონკრეტულ სფეროებში. ეს ფონდი მიზნად ისახავს ურთიერთობების გაძლიერებასა და საერთო ინტერესების გაზრდას, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტის განახლების თავიდან ასაცილებლად.
15. შეთანხმების ყველა დებულების შესრულების წახალისებისა და უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი.
16. რუსეთი კანონით გაამყარებს თავის თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ.
17. აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების (მათ შორის START I-ის) მოქმედების ვადის გაგრძელებაზე.
18. უკრაინა დათანხმდება იყოს არაბირთვული სახელმწიფო, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) შესაბამისად.
19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმუშავებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად (50:50) განაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის.
20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში სხვადასხვა კულტურების გაგებისა და ტოლერანტობის წასახალისებლად, ასევე რასიზმიისა და ცრურწმენების აღმოსაფხვრელად:
- უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ.
- ორივე ქვეყანა თანხმდება გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული პრაქტიკა და უზრუნველყოს უკრაინული და რუსული პრესისა და განათლების უფლებები.
- უარყოფილი და აკრძალული იქნება ყოველგვარი ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა.
21. რეგიონები:
- ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნება რუსეთის ფაქტობრივ მფლობელობაში; ამ აღიარებას უერთდება შეერთებული შტატებიც.
- ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ; ეს ნიშნავს ფაქტობრივ აღიარებას შეხების ხაზის გაყოლებაზე.
- რუსეთი უარს იტყვის სხვა ტერიტორიებზე (გარდა შეთანხმებული ხუთი რეგიონისა), რომლებიც მისი კონტროლის ქვეშაა.
- უკრაინული ძალები გაიყვანენ ჯარებს დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ეს ტერიტორია გამოცხადდება ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული იქნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად. რუსული ძალები არ შევლენ ამ დემილიტარიზებულ ზონაში.
22. მომავალი ტერიტორიული მოწყობის შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს საზღვრები ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ იმოქმედებს.
23. რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებაში და გაფორმდება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი გადაზიდვის შესახებ.
24. გადაუჭრელი საკითხების განსახილველად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი:
- ყველა დარჩენილი პატიმარი და ცხედარი გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“.
- დაბრუნდება ყველა სამოქალაქო პატიმარი და მძევალი, ბავშვების ჩათვლით.
- ამოქმედდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა.
- მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად.
25. უკრაინა 100 დღის განმავლობაში ჩაატარებს არჩევნებს.
26. კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილ ქმედებებზე და თანხმდება, რომ მომავალში არ წარადგენენ რაიმე მოთხოვნას ან საჩივარს.
27. ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და უზრუნველყოფს სამშვიდობო საბჭო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ჯ. ტრამპის ხელმძღვანელობით. დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები.
28. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ შევა ძალაში მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაიხევს შეთანხმებულ პოზიციებზე შეთანხმების განხორციელების დასაწყებად.








