ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
კითხვის დრო 2 წუთი
Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
242 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა
Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
/ Public domain

ინდური ავიაკომპანია Air India-ს რეისი AI171, რომელიც ლონდონის გეტვიკის აეროპორტისკენ მიემართებოდა, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ექიმების საერთო საცხოვრებლის შენობას შეეჯახა. საშინელი ავიაკატასტროფის შედეგად, საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ცხედარი გადაასვენეს.

News18-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს, ინდოეთის დასავლეთში, ბრიტანეთის მიმართულებით მიმავალი Air India-ს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 242-ვე ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი აჰმედაბადის სარდარ ვალაბჰაი პატელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე სამედიცინო ფაკულტეტის საერთო საცხოვრებელს შეეჯახა. აჰმედაბადის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, კატასტროფის შედეგად საერთო საცხოვრებელში მყოფი სულ მცირე ხუთი სტუდენტი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ცნობით, Air India-ს რეისი AI171, 232 მგზავრითა და ეკიპაჟის 10 წევრით, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის მეგანინაგარის დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.

Air India-მ განაცხადა, რომ კატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან 169 ინდოეთის, 53 ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის, 1 კი კანადის მოქალაქე იყო; ასევე, ბორტზე 2 პილოტი და 10 ბორტგამცილებელი იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის გუჯარათის შტატის ყოფილი მთავარი მინისტრი, ვიჯაი რუპანიც იმყოფებოდა.

ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ხუთშაბათს მომხდარი კატასტროფის შემდეგ აჰმედაბადის საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ცხედარი მიასვენეს.

Air India-ს მოკლე განცხადებაში ნათქვამია: „ამჟამად დეტალებს ვაზუსტებთ, უმოკლეს დროში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“.

Air India-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნ. ჩანდრასეკარანმა, კატასტროფის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და განაცხადა: „ჩვენი პრიორიტეტია დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების აღმოჩენა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შემთხვევის ადგილზე მყოფ საგანგებო რეაგირების ჯგუფებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ“.

პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავი ქალაქის მეგჰანი ნაგარის რაიონში ჩამოვარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს შემთხვევის ადგილიდან ამომავალი ძლიერი კვამლი. თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 01:38-ზე აფრინდა და 01:40-ზე შენობას შეეჯახა. გეტვიკის აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავის ლონდონში ჩაფრენა ადგილობრივი დროით 18:25-ზე იყო დაგეგმილი.

ოფიციალურმა პირებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყეს, ხოლო საგანგებო სამსახურების ჯგუფები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მოსალოდნელია, რომ ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატი (DGCA) ყოვლისმომცველ გამოძიებას დაიწყებს.

თვითმხილველების თქმით, მათ აეროპორტის მახლობლად ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს და შემდეგ დაინახეს, როგორ დაიწყო თვითმფრინავმა სწრაფი დაშვება. გუჯარათის მთავრობამ მომხდარზე სწრაფი რეაგირებისა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, სოციალურ ქსელ X-ზე გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ კატასტროფამ ის ღრმად შეძრა და დაამატა: „აჰმედაბადში მომხდარმა ტრაგედიამ ყველა ჩვენგანი შოკში ჩააგდო და ღრმა მწუხარებაში დაგვტოვა. ეს გულისტკივილი სიტყვებით გამოუთქმელია. ამ მძიმე წუთებში ყველა დაზარალებულის გვერდით ვარ. კონტაქტზე ვარ შესაბამის მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან“.

ყოფილმა კრიკეტისტმა და ინდოეთის პარლამენტის წევრმა, იუსუფ პათანმაც, X-ზე დაწერა: „დიდი მწუხარებით შევიტყვე Air India-ს აჰმედაბადი-ლონდონის რეისთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. ვლოცულობ ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრისთვის“.

სამძიმრის წერილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც, გაავრცელა: „ამ უმძიმეს წუთებში ჩემი ფიქრები დაღუპულებთან და მათ ოჯახებთანაა“, - აღნიშნა მან.

აღმოაჩინეთ
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიდანი ხვალ სამხრეთ კორეას ეწვევა
ნატომ ბალტიის ზღვაში მცირე მასშტაბის სწავლებები დაიწყო
თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატით
იაპონიას ტროპიკულმა შტორმმა „ჯანგმიმ“ დაარტყა
პრეზიდენტი ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ინდონეზიაში გაემგზავრა
ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ფიდანი: ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე დასწრებას გეგმავს
მინისტრი ფიდანი ხვალ ინდონეზიას ეწვევა
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთის დატოვება მოითხოვეს
„ჭკვიანმა წამალმა“ კიბოს „უხილავობის ფარი“ მოხსნა: სიმსივნეები 30%-ით შეამცირა
ტრამპი: აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტა და ჰორმუზის გახსნა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი
მსოფლიოს შემაშინებელი „ჰანტავირუსის გემი“ კვლავ ზღვაში გადის
რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად უკრაინაში ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
მინისტრმა ფიდანმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა